LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ICPEN-ის ქართული ბაზრის კვლევა – ელექტრონული კომერციის სექტორში მოქმედი კომპანიები სხვადასხვა მანიპულაციებით მომხმარებლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ

122
E-Commerce

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA),  მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ელექტრონული კომერციის სექტორში მოქმედი კომპანიების შემოწმებას ითვალისწინებდა.

კვლევის ფარგლებში, რომელშიც 26 ქვეყნის მომხმარებლის დაცვის უწყება იყო ჩართული, დადგინდა, რომ მოვაჭრეების ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების უმეტესობა, სააბონენტო მომსახურების გაწევის დროს, შეცდომაში შემყვან შაბლონებს (Dark Pattern) იყენებს. აღნიშნული ქმედება მოვაჭრეების მხრიდან ინტერნეტ პლატფორმებზე ფიქსირდება და მისი ძირითადი მიზანია სხვადასხვა მანიპულაციებით მომხმარებლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც, შესაძლოა, მის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამებოდეს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, პროექტის ფარგლებში, 6 მოვაჭრე გადამოწმდა, რომელთა 87%, მინიმუმ, შეცდომაში შემყვან ერთ პირობას/შაბლონს იყენებდა. სააგენტოს მიერ ასევე დადგინდა, რომ კომპანიები ყველაზე ხშირად ინტერნეტ სავაჭრო გვერდზე ინფორმაციის განთავსებისას ისეთ ფორმას მიმართავენ (ფოტო, გრაფიკა, ფერები), რომელიც მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენის (interface interference) და შენაძენის გაკეთებისკენ არის მიმართული.

მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის მიერ ჩატარებული კვლევა 2024 წლის 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და 26 უწყების მიერ სულ  642 მოვაჭრის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია შემოწმდა. კვლევის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დადგენილი უსამართლო კომერციული პირობისთვის/შაბლონისთვის დამახასიათებელი ექვსი ინდიკატორი გამოიყენეს.  მიღებული შედეგების მიხედვით, კომპანიების 75.7%,  მინიმუმ, ერთ შეცდომაში შემყვან პირობას/შაბლონს (Dark pattern) იყენებს, ხოლო 66.8% – ორს ან მეტს. პროექტის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, Dark pattern-ის მზარდი გავრცელება ონლაინ სექტორში დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აღნიშნული დასკვნის შედეგებს და ტენდენციებს აღსრულების პროცესში გაითვალისწინებს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის პარტნიორი 2023 წლიდანაა. ქსელი მომხმარებლის დაცვის უწყებების 70-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა  წევრ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, რესურსების გაზიარებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2022 წლიდან „მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონს, ხოლო 2024 წლიდან „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონს აღასრულებს. დარღვევის შემთხვევაში როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი უფლებამოსილია შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე – [email protected]. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 15 20.

mazda magti 5g