LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ელოშვილი Aspen Energy Summit-ში მონაწილეობს

109

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში, Aspen Energy Summit-ში მონაწილეობს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მიჰაი ტუდოსემ გახსნა. ასევე, მოხსენებები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებმა.

„ვინაიდან ენერგეტიკა კვლავ რჩება ეკონომიკის მამოძრავებელ მთავარ ძალად, ის გამოწვევები და გადაწყვეტილებები, რაც თან ახლავს ენერგეტიკული ბაზრისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში, ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიმართულებად რჩება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ისეთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას, როგორიცაა „თეთრი ნაკადი“ და ტრანსკასპიური მილსადენი. ჩვენ განვიხილავთ მათ, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებისათვის აუცილებელ დამატებით პროექტებს. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს ევროპაში გავიტანოთ გაზის დიდი მოცულობები, კერძოდ, „თეთრი ნაკადი“ გახსნის ახალ შესაძლებლობებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან დასაკავშირებლად“, – განაცხადა ელოშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მაღალი დონე.  „დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება იგივე ინტენსივობით, რათა მოხდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციების კონსოლიდირება „თეთრი ნაკადისა“ და ტრანსკასპიური მილსადენის პროექტების შემდგომი განვითარებისათვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის მაღალ ხარისხს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g