LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრება

55

18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ გერასიმემ (შარაშენიძემ) განაცხადა. პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად 18-24 ნომბერს მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მეუფე გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიების პატრიარქები და დელეგაციები ჩავლენ. კერძოდ, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის პატრიარქები და სხვა ეკლესიების ხელმძღვანელები. ასევე, ზუსტდება ინფორმაცია მიიღებს თუ არა დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.

მეუფე გერასიმეს განცხადებით, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვაში მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღოს, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g