სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართავს.
„მოხარულნი ვართ, რომ ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას. ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას. დედის რძე ბავშვისთვის არის შეუცვლელი საკვები, – მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ 6-7 წლის წინ დავიწყეთ წიგნის კითხვის პროპაგანდა და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ საშუალებით; დღეს ეს თემა უკვე ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამაში სერიოზული წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.
მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ საკითხს სამედიცინო კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და იგი სწორად აღზრდის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად მიგაჩნიათ.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ხელშემწყობნი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი სხვა ორგანიზაციები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედები, ჩვენი ბავშვები და მათი ხვალინდელი დღე“, – აღნიშნულია მიმართვაში.