LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია დააფუძნა

125
არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია დააფუძნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის შესავალში უნივერსიტეტი არჩილ ბადრიაშვილის სიტყვებით იწყებს და წერს:

„რომ ჩამოდიხარ მთის ძირში, ხვდები, რომ მთა კი არ გადალახე, გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომლებიც შეიძლება ბევრად რთული იყოს“ – არჩილ ბადრიაშვილი.

„2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია.

ამ სტიპენდიის მოპოვება ყოველწლიურად შეეძლება ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს საქართველოს მთიანი რეგიონებიდან, მათ შორის სვანეთიდან, რომელთანაც არჩილს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა.

არჩილ ბადრიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით.

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

ახალი თაობის გამორჩეული, წარმატებული და აღიარებული ალპინისტის დაღუპვას მისი ქართველი გულშემატკივარის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა მთასვლელთა გაერთიანებები იზიარებენ და საქართველოს მის დაკარგვას უსამძიმრებენ.

არჩილი გამორჩეული ავტორია, რომელმაც ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო მსოფლიოს ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით.

2024 წლის თემა

არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიის ფოკუსი 2024 წელს იქნება სვანეთის რეგიონის მთების მრავალფეროვნება. შეირჩევა თემით დაინტერესებული სტუდენტი სვანეთის რეგიონიდან, რომელსაც დაუფინანსდება სწავლის საფასური (2250 ლარი) ერთი წლის განმავლობაში.

„აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო, ზღაპრული სამყაროს გმირი გახდა, ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს… გვიყვარხარ ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში“ – რატი ამაღლობელი არჩილ ბადრიაშვილზე

კონკურსის პირობების და განაცხადის პროცედურის შესახებ იხილეთ ბმული

ცნობისთვის, ხალგაზრდა სპორტსმენი – არჩილ ბადრიაშვილი მესტიაში, მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შემდეგ 10 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

არჩილ ბადრიაშვილთან ერთად მყოფი სამი მთასვლელი კი მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს. მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

🏔 „რომ ჩამოდიხარ მთის ძირში, ხვდები, რომ მთა კი არ გადალახე, გადალახე შენი სისუსტეები და შენ უკვე მზად ხარ…

Posted by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University on Monday 30 September 2024