ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
თურნავას განმარტებით, აღნიშნული პროგრამა საშუალებას მისცემს ოჯახებს მათი კეთილდღეობა გაიზარდოს და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ.
„პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით.
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მისცემთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ის გადაწყვეტილებებიც, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაანონსდა. კერძოდ, როგორც ნათია თურნავამ თქვა, 1-ლი სექტემბრიდან მეწარმეებს უკვე შეუძლიათ, მოსახლეობას, ვინც ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული მიაკითხონ, როგორც მათ სააგენტოს, ასევე ბანკებს.
„ის საწარმოები, ვინც ჩართულები არიან საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ შემცირება-ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავისი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60%-ით თანაგარანტირებას ბანკების წინაშე გავუწევთ.
ასევე ახალი კომპონენტია გრანტი, სესხის ოდენობის 5%-ის მოცულობა, რასაც მიიღებენ. ეს პროგრამა ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ემსახურება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.