LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედიდან“ 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი – კახა კინწურაშვილი

1165
კახა კინწურაშვილი

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზზე და ე.წ „უცხოური გავლენის აგნეტების“ კანონპროექტზე მან „მედიაჩეკერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა.

მედიაჩეკერი: საუბრობთ, რამდენად დიდი როლი აქვს ამ პროცესში პროპაგანდას. არხზე, რომელიც დატოვეთ, ადამიანებში, ვინც ამის ნაწილია, თუ ხედავთ წინააღმდეგობის გაწევის განცდასა და სურვილს?

„სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ხდება ასეც. მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით.

მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, „იმედში“ არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს.

ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, არასდროს ყოფილა ტელევიზიაში მუშაობა კომფორტული, რაც, კარგად იციან ტელემენეჯერებმაც და პროდიუსერებმაც, უბრალოდ, ამ ქვეყანაში რთულია, ცხოვრობდე მხოლოდ სამსახიობო კარიერით და გჭირდება სხვა გზებიც, მაგრამ მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია. მე, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, ვდგავარ იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამას კი არ ეწინააღმდეგება ეს არხი და პირიქით, მხარდამჭერია და მიჰყვება ამ ღალატში ხელისუფლებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მანდ ვერ ვიქნებოდი. მე, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და სინდისთან“, – აცხადებს კახა კინწურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები