იმპორტირებული თევზისა და ხორცის კონსერვი, ადგილობრივით ჩანაცვლდება. კომპანია ”კულა” კონსერვების წარმოებას იწყებს. შესაბამისი ქარხანა გორის რაიონში უკვე აშენებულია და ის ექსპლუატაციაში იანვრის ბოლოს შევა. აქ წარმოებული პროდუქცია კი ბაზარზე თებერვლის შუა რიცხვებში გამოჩნდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, კონსერვები ”კულას” ბრენდის ქვეშ გამოვა და სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა და მარკეტში გაიყიდება.
”მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ხორცისა და თევზის კონსერვები არ იწარმოება და ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია შემოდის. ამიტომ, ვეცდებით, ჩვენი ნაწარმით იმპორტი ჩავანაცვლოთ და ამას ვგეგმავთ მაღალი ხარისხით. ამასთან, კონსერვის ფასები იქნება საკმაოდ კონკრურენტუნარიანი და ყველასთვის მისაღები”, – აღნიშნა გოგლიძემ.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრის გარდა ”კულას” კონსერვები უცხოეთშიც გაიყიდება. საწყის ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა, სამომავლოდ კი საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება.
ცნობისთვის, ”კულას” თევზისა და ხორცის კონსერვის მწარმოებელი ქარხანა გორის რაიონში მდებარეობს და ის გახსნის შემდეგ 35 ადამიანს დაასაქმებს. პროექტში კი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.