ეკონომიკის მინისტრის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობა, პრაქტიკულად, დაწყების ფაზაზეა.
„უახლოეს პერიოდში ვაპირებ ვესტუმრო და დავათვალიერო სამშენებლო სამუშაოები. ეს არის უდიდესი, ისტორიული პროექტი ენერგეტიკოსებისთვის, ენერგოსექტორისთვის და შესაბამისად, მთლიანად საქართველოსთვის – 800 მლნ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე დამოკიდებულებას და გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას“, -ამბობს ნათია თურნავა.
მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მცირე ჰესებზეც. კერძოდ, მან ისაუბრა მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს ჯგუფის“ ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოს მცირე ენერგეტიკაში ხორციელდება. ნათია თურნავას განცხადებით, ფონდი გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს საქართველოში მცირე ელექტროსადგურებში – ჰესების დადგმულმა სიმძლავრემ 50 მეგავატს უკვე გადააჭარბა, ახლა იგეგმება დამატებით 2 სადგურის მშენებლობა.