LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა იწყება

152

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა იწყება – შესაბამის დოკუმენტს ნიუ–დელიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა  ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილი ერთობლივი განაცხადის თანახმად, სწორედ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ორივე მხარის შეთანხმების თანახმად კვლევის დასრულება განხორციელდება მაქსიმუმ 8 თვეში.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. დასრულების ეტაპზეა ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებების ხელმოწერის პროცედურები. ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი,  1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.

„წინასწარი კვლევის დაწყებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით ენერგიას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას და საექსპორტო ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაციას. საქართველო არის ღია და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენი ძირითადი მიზანია გავხდეთ სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სწორედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებმა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთის რესპუბლიკასთან გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 53%-ით არის გაზრდილი, 99.60 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 1,1% შეადგინა. ასევე ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რომელიც გაიზარდა 55%-ით  და 22 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

magti 5g