“ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 4 ახალი ინფიცირებულიდან 2 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, მათ ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. დანარჩენი ორი კი საკარანტინო სივრციდან არიან.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პაციენტები არ მკურნალობენ.
“ამ ეტაპზე ქვეყანაში, სხვადასხვა კოვიდ ცენტრში, მთლიანობაში 142 პაციენტი მკურნალობს. ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენს კლინიკაში არავინ შემოუყვანიათ. გუშინ გვყავდა 5 გამოჯანმრთელებული, რომელთაც გუშინვე დატოვეს კლინიკა. ჩვენთან ამ ეტაპზე მძიმე პაციენტები არ არიან მოთავსებული”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 52 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს, რომელთა უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.