“ახალი ინფიცირებულებიდან 2-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი 22 შემთხვევიდან 7 შემოტანილია, 5-ს ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, 10 გარდაბნის რაიონში ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა, ხოლო ორის კონტაქტების და წყაროს დასადგენად ღრმა კვლევები მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 188 პაციენტი აგრძელებს, რომელთაგან 28 ინფიცირებული ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ეზუგბაიამ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
“ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და შემოვიდა ჩვენთან 4 ახალი დადასტურებული და დღეს გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. ამ 4 დადასტურებული შემთხვევიდან ორი გახლავთ ჩვენი პაციენტების კონტაქტში მყოფი პირები, რომელთა დაუდასტურდათ და მოთავსებული იქნენ ჩვენთან. ორი პაციენტის ინფიცირების წყარო გარდაბნის რაიონია. ამ 28 პაციენტიდან გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და შემოსვლიდან მათთან პროგრესირება არ შეიმჩნევა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოა და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ”, – აცხადებს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.