ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. სამინისტროს ინფორმაციით, ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მოვალეობის შესრულებას ის 16 იანვრიდან შეუდგა.
კასრაძე ბოლო 9 თვის განმავლობაში ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ასრულებდა, სააგენტოში კი მისი დაარსების დღიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
უწყების ცნობით, სააგენტოში მის სახელს უკავშირდება მთელი რიგი სამართლებრივი რეფორმები ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, სტარტაპების ფინანსებთან წვდომის მექანიზმების დანერგვის მიმართულებით და ა.შ. კასრაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი. მაგისტრატურაზე სწავლა კი შვედეთში კერძოდ ლუნდის უნივერსიტეტში განაგრძო ადამიანის უფლების საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ვენეციის კომისიაში, ეუთო-ს (OSCE/ODIHR) მისიაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.