კარგად განვითარებული ბიზნესი, რომ ქვეყნის წარმატების უტყუარი წინაპირობაა ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა. ამ მძიმე კრიზისის დროს, ბიზნესმა გააცნობიერა, მათ შორის საქართველოშიც, რომ თანამედროვე ბიზნესი ვერ ჩაითვლება წარმატებულად თუ არ უპასუხებს საზოგადოების ამჟამინდელ საჭიროებას. როგორი უნდა იყოს წარმატებული ბიზნესი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლაში კარგად აქვთ გაცნობიერებული. აქ განსაკუთრებული აქცენტი თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე კეთდება. უნივერსიტეტში არსებული რესურსები და საერთაშორისო კონტაქტები, რომელიც სკოლას გააჩნია, საუკეთესო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას ისეთ გიგანტ კომპანიებთან, როგორებიცაა: Stanford University, Ferrero, Google, IBM, CA, Ferrari, Amadeus და სხვა.
ევროპის ინოვაციის აკადემიის საზაფხულო პროგრამა, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი, კომპიუტერული ლაბორატორია, Discover Georgia for UG და ინოვაციების ცენტრი (UG Startup Factory) – ეს იმ რესურსების ჩამონათვალია, რომლითაც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები სარგებლობენ.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მოთხოვნებია მსოფლიოში შრომით ბაზარზე და რას ელის დამსაქმებელი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულისგან. შესაბამისად, პროგრამაც ისე შევადგინეთ, რომ ყველა ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ და ინოვაციური სწავლება დავნერგეთ ამ მიმართულებით. იყო ბიზნესის სფეროში, ინოვაციური მიდგომების გარეშე, ეს ძალიან ართულებს ფეხი მოიკიდო ამ მიმართულებით. ჩვენთან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს შემდეგ კონცენტრაციებს: ფინანსებს, მარკეტინგს, მენეჯმენტს და საბუღალტრო აღრიცხვას. ჩვენ მივეცით სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი იდეა აქციონ წარმატებულ ბიზნესად და ამაში მათ საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი ეხმარება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულები არიან ძალიან მოთხოვნადები საქართველოს და მსოფლიოს შრომით ბაზარზე და ზოგიერთი მათგანი თავად არის უკვე დამსაქმებელი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მოთხოვნადები არიან მსოფლიოს შრომით ბაზარზეც ეს მართლაც ასეა, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მაღალ პოზიციას იკავებს წამყვან კომპანიებში. მაგალითად ჩვენი 2 სტუდენტი „ამაზონშია“ დასაქმებული,“ –აცხადებენ უნივერსიტეტში.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან:
,,2010 წელს, როცა საქართველოს უნივერსიტეტში ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავაბარე, ზუსტად ვიცოდი, რომ აქ მექნებოდა საშუალება: მესწავლა, დამეშვა შეცდომები და მიმეღო რჩევები სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან. საქართველოს უნივერსიტეტი იყო ჩემი პირველი არჩევანი სასურველი უნივერსიტეტების სიაში. ბაკალავრიატზე სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ კლუბებში. აქ მიღებულმა პირველმა პროექტ-მენეჯერულმა გამოცდილებამ საბოლოოდ დიდი როლი ითამაშა ჩემი ტექნოლოგიებითა და კვლევით დაინტერესებაში. საბოლოოდ, ჩემი კარიერის ბოლო 5 წელი დაეთმო ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური ბაზრის კვლევასა და განვითარებას. Fulbright-ის პროგრამამ დამაინტერესა, როგორც საშუალებამ დამენახა და გამომეცადა განსხვავებული კულტურა და მიდგომები ტექნოლოგიების მიმართ. ერთწლიანი შესარჩევი პროცესის შემდეგ, Rensselaer Polytechnic Institute (RPI)-ში მივიღე დაფინანსება ტექნოლოგიების კომერციალიზაციის და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამაზე, გავხდი პირველი საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტმა ამ პროგრამაზე მიიღო.
საინტერესოა, რომ UG-სა და ამერიკულ განათლებას შორის საკმაოდ ბევრი მსგავსება დავინახე, მათ შორის, კავშირი სფეროში მომუშავე ლექტორებთან და ყურადღება სტუდენტური აქტივობების მიმართ, რაც ხელს უწყობს პრაქტიკულ განათლებას,”- ამბობს დემეტრე შანშიაშვილი.
„როგორც ყველა აბიტურიენტი, 2014 წელს მეც დიდი არჩევანის წინაშე ვიდექი, თუმცა გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა ავირჩიე. აქ დამხვდა გარემო, რომელშიც შეუძლებელია თავი კომფორტულად, დაფასებულად და ღირებულად არ იგრძნო. დამხვდნენ ლექტორები, რომლებმაც ძალიან დიდი თეორიული, თუ პრაქტიკული ცოდნა მომცეს, კიდევ უფრო მეტად შემაყვარეს ჩემი არჩეული პროფესია და დამარწმუნეს იმაში, რომ თუ სწავლა გინდა, ძალიან მარტივია მიაღწიო წარმატებას.
მესამე კურსზე სწორედ ჩემი სკოლა დამეხმარა იმაში, რომ მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და წავსულიყავი ჩეხეთში, ტომას ბატას უნივერსიტეტში, სადაც ერთი სრული სემესტრი ვისწავლე და ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც გაცვლითი პროგრამიდან დავბრუნდი, უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული, გამოჩნდა ჩემი პირველი სამსახურიც, სადაც 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტს დიდი ხნით არ დავმშვიდობებივარ და დღეს ისევ აქ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში ვმუშაობ,“ – გვიყვება თიკო როხვაძე.