LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს: სასამართლო სააკაშვილის შესახებ ჩანაწერების გასაჯაროებაზე

84
1

თბილისის საქალაქო სასამართლო მიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქალაქო სასამართლო ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გაუქმდა.

შესაბამისად, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა:

“სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს – გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები”, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან გადაყვანის კადრებს, რომლის გავრცელების გამოც, ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროს სანქცია დააკისრა.

როგორც უწყებაში ამბობენ, ახლა მთავარია, სასამართლომ მათ დასაბუთებული გადაწყვეტილება პირველ მარტამდე ჩააბაროს, რადგან “ქართულმა ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწორედ პირველი მარტიდან უქმდება.

mazda magti 5g