ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიების გატარება, რომელიც ქალებს ფინანსური და საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფს.
ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID/საქართველოს პროგრამა – „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia).
სწორედ ამ მიზნით, USAID YES-Georgia-ს პროგრამამ, მიმდინარე წლის 28, 29, 30 ივლისს საინფორმაციო მედია ტური მოაწყო.
ტური ითვალისწინებდა თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს გაეცნოთ პროექტის ბენეფიციარი და მეწარმეობაში ჩართული ქალბატონები, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, წარმატებით აგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ USAID YES – Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში.
ახალგაზრდა მეწარმე ქალები, რომლებმაც ბიზნესი საკუთარი მოტივაციის ხარჯზე შექმნეს
ამბავი ახლაგაზრდა ქალ მეწარმეებზე, რომელთაც ბიზნესის წამოწყებაში საკუთარი ენთუზიაზმი არ დაიშურეს. შედეგად კი, დღეს მათ, საკუთარი მცირე ბიზსნესები აქვთ და საქმიანობას საკმაოდ წარმატებულადაც განაგრძნობენ.
პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.
სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, „ბიზნესტრენინგების“, „მენტორობის“ და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა დამწყებ მეწარმეებსა და პროფესიონალებს ეხმარება.
მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვივნენ მეწარმე ქალბატონებს თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ:
გორში, ხაშურში, თერჯოლაში, ქუთაისში, სენაკსა და ზუგდიდში; დეტალურად გაიცნეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ბენეფიციარებისგან, ასევე პროექტის წარმომადგენლებისგან.
პროექტის მონაწილე ბენეფიციარი ქალების ისტორიები
-
ველო-სახელოსნო – „ჰიპო ველო“
მედია ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ველო-სახელოსნოს – „ჰიპო ველოს“ სტუმრობდნენ, სადაც დეტალურად გაეცნენ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ბენეფიციარის, ვერიკო ბაზალის წამოწყებას, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და ველოსიპედების სერვისცენტრს წარმოადგენს.
„ჰიპო ველოში“ ველომოყვარულებს შეუძლიათ როგორც შეაკეთონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, ისე შეიძინონ სხვადასხვა აქსესუარი და ნაწილები.
„ჰიპო ველო“ ველომოყვარულთა დიდი კომუნაა, რომელიც მიზნად ამ მიმართულების პოპულარიზაციასა და საქართველოში ველოკულტურის განვითარებას ისახავს.
2023 წლის დასაწყისში, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ სასწავლო კურსის გავლისა და წარმატებული „ფიჩინგის“ [პოპულარიზაციის] შემდეგ, ვერიკოს საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად, პროგრამისაგან 15,000 ლარი გადაეცა, რაც ბიზნესის გაფართოებასა და მასშტაბურობას მოხმარდა.
„ჰიპო ველომ“ დიდ დიღომში უკვე მეორე ფილიალი გახსნა, მეტი სივრცითა და მეტი შესაძლებლობებით, რაც ბიზნესის შემქმნელებს საშუალებას აძლევთ, მომხმარებელს მეტი პროდუქცია შესთავაზონ.
-
იოგის სტუდია – SofYoga
„სოფიოგას“ სტუდია, რომელსაც ჟურნალისტები ტურის ფარგლებში სტუმრობდნენ, ქალაქ გორში მდებარეობს და მსურველებს იოგას შემსწავლელ გაკვეთილებს სთავაზობს.
იოგის მასწავლებელსა და პროგრამის ბენეფიციარს სოფო ტალახაძეს, სტუდიური შეხვედრების გარდა, SofYoga-ს დისტანციური, ონლაინ სერვისიც აქვს, რომელიც მომხმარებლების პერსონალურ საჭიროებებზეა მორგებული.
სტუდია ვიდეო სერიებს ამატებს, რათა მოსწავლეებს ვარჯიშის პროცესი მაქსიმალურად გაუმარტივოს.
„სოფიოგას“ მიზანია ადამიანებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, გორის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი ახალგაზრდა ჯგუფებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობა გამაჯანსაღებელ აქტივობებში.
-
ლაზერული ეპილაციის სალონი – „Skinova“
სოფიო ბარდაველიძე ახალბედა ქალი მეწარმეა, რომელიც ქ. თერჯოლაში ლაზერული ეპილაციის სივრცეს – „Skinova“-ს ფლობს.
როგორც სოფიომ თავად აღნიშნა, საკუთარ მცირე ბიზნესზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სილამაზისა და მოდის სფერო ყოველთვის განსაკუთრებით იზიდავდა.
მისი დიდი ხნის ოცნების რეალობად ქცევა 2022 წელს გადაწყვიტა, როდესაც პროექტ „აწარმოე საქართველოში“ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ შეიტყო.
იმავე წელს, სოფიო პროექტის გამარჯვებული გახდა და მოპოვებული დაფინანსებით, ქ. თერჯოლაში, უკვე არსებულ მცირე სილამაზის სალონთან თანამშრომლობით, მაღალი სტანდარტების მქონე ლაზერული ეპილაციის სივრცე გახსნა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სალონს, 15 წლიანი გამოცდილების მქონე, ადგილობრივი, 3 ქალი მეწარმე სრულიად დამოუკიდებლად უძღვება.
დღეისათვის, ამ სივრცეში ლაზეროთერაპევტად დასაქმებული ჰყავს 2 ადგილობრივი ახალგაზრდა ქალი, ადმინისტარციულ, ლოჯისტიკურ და მარკეტინგულ საქმიანობაში კი, სრულად ჩართული თავად სოფიოა.
როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია და გაჩერებას არ აპირებს. სამომავლოდ სურს ბიზნესის გაფართოება, რათა სილამაზის და თავის მოვლის სფეროში, თერჯოლელ მოსახლეობას კიდევ უფრო მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს.
ხატია ხარძეიშვილმა, პროგრამის კიდევ ერთმა ბენეფიციარმა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება მეუღლესთან ერთად თბილისიდან წყალტუბოში, წინაპრების დატოვებულ სახლში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა.
მეღვინეობა ხატიას ოჯახური ტრადიცია არ ყოფილა, ამიტომ ამ საქმის ძირეულად შესწავლა და ინფრასტრუქტურის გამართვა პრაქტიკულად თავიდან მოუწია. ასე დაიბადა 2017 წელს ოჯახური ბიზნესი − „მათეს მარანი“.
ამ ეტაპზე, „მათეს მარანი“ ხუთი დასახელების ღვინოს აწარმოებს და გარდა ამისა, სტუმრებს ბევრ საინტერესო აქტივობას, მარნის საინფორმაციო ტურს, ღვინის დეგუსტაციას, კულინარიულ მასტერკლასებს, ფოლკლორულ საღამოებს და ტრადიციული სუფრის ელემენტებით გაჯერებულ ვახშამს სთავაზობს.
„USAID-ის პროგრამა YES -Georgia-ს ბენეფიციარი გასულ წელს გავხდი და მას შემდეგ ყოველთვის ვგრძნობ მათ უდიდეს მხარდაჭერას და გულშემატკივრობას.
პროგრამამ საშუალება მომცა გავცნობოდი უამრავ სიახლეს, შევხვედროდით საინტერესო ადამიანებს, რაც ძალიან დაგვეხმარა მარნის ცნობადობის გაზრდაში და უფრო მეტი განვითარების საშუალება მოგვცა“. − გვითხრა ახალგაზრდა მეწარმემ.
-
სამკერვალო ატელიე „Jacquard • ჟაკარდი“
შორენა ჩიჯავაძისთვის ტანსაცმლის მოდელირება და კერვა ყოველთვის განსაკუთრებული ჰობი იყო, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მას საქმიანობად აქცევდა.
აღნიშნული საქმით ასევე დაინტერესდა შორენას შვილი თეკლაც, რომელთან ერთად რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში ბიზნესს უძღვება. შვილის ინიციატივით ფეხსაცმლის ხაზიც დაამატეს.
თეკლა ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულებას უძღვება და დედის მსგავსად, ცდილობს საკუთარი საქმიანობა მეწარმეობას დაუკავშიროს.
შორენასთვის საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა, სადაც შვილთან ერთად დაესწრო მეწარმეობის გადამზადების კურსებს და პროგრამის ბენეფიციარი გახდა.
როგორც თავად აღნიშნავს, „როდესაც ერთ ნაბიჯს დგამ, გრძნობ, თითქოს რაღაც გაკლია და დამატებით ახალ გზებს ეძებ. ჩემთვის, სწორედ ასეთი შემავსებელი გზა აღმოჩნდა USAID-ის პროგრამა“.
შორენასა და თეკლას მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ დონეზე შეესწავლათ ბიზნესის მართვის მეთოდები და შეეტანათ დროული წვლილი საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.
-
ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების კლუბი „Summer Set Kutaisi”
თამარ (თათია) მესხია პროფესიით იურისტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ლექტორია, რომელიც მეუღლესთან ერთად, ქალაქ ქუთაისში, საქართველოში ყველაზე დიდი (400+ თამაში) კოლექციის მქონე, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების და ახალგაზრდულ კლუბს „Summer Set Kutaisi“ ხელმძღვანელობს.
როგორც თათია აღნიშნავს, ყველაფერი 7 წლის წინ, მათი პირველი შვილისთვის, ადრეული ასაკიდან არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვით და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სათამაშოების ძიება-შეძენით დაიწყო.
შედეგად, მეუღლესთან ერთად გაუჩნდა იდეა, რომ დაეწერათ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა, პირველ რიგში „ბორდგეიმების“ კლუბის შექმნას და თანამედროვე „ბორდგეიმების“ პოპულარიზაციას, როგორც ჯანსაღი გართობის საშუალებას და ამასთან, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების გამოყენებას, როგორც მოზარდების არაფორმალური განათლების, სოციალური უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ერთ-ერთ ტექნიკას.
2020 წელს, პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით და მეგობრების ჩართულობით, კლუბის შენებას შეუდგნენ.
დღეისათვის, კლუბის ანგარიშზეა ახალგაზრდებისთვის (და არა მხოლოდ) არაფორმალური განათლების, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, იმერეთის სხვადასხვა გამოწვევებისა და შესაძლებლობების თემების ირგვლივ ჩატარებული 15-მდე თემატური „ტრენინგი“ და „ვორქშოფი“, სადაც ჩართული იყო 200-მდე მოზარდი და „ტრენერებად“ მოწვეული საჯარო თუ კერძო სექტორის მოხელეები, 3 „ბორდგეიმების“ თემატური ბანაკი, სეზონური ჩემპიონატები და ღონისძიებები.
კლუბის წევრების მიერ, ქართულად ითარგმნა და ადგილზე დამკვიდრდა 10-მდე „ბორდგეიმი“. ასევე სრულად კლუბის მიერ შეიქმნა 8 ქართული სამაგიდო თამაში.
-
ავეჯის საწარმო „Nysa Studio • ნისა სტუდიო“
ნანო მისაბიშვილმა საქმიანობა 2020 წლის მიწურულს, პანდემიის პერიოდში, როგორც ჰობი ისე დაიწყო და დღეს უკვე მოგებიან ბიზნესად აქცია. 26 წლის პროგრამის მონაწილეს სურდა, ყოველდღიური ერთფეროვანი ავეჯისთვის განსხვავებული დატვირთვა მიეცა.
სანამ საქმიანობას დაიწყებდა, ნანომ შეისწავლა ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით მომხმარებელს არჩევანი ნაკლებად ჰქონდა და არც ფასი იყო ხელმისაწვდომი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნანო თავისუფალ დროს, ხელოვნებითა და ხელნაკეთი ნივთების შექმნით არის დაკავებული, გადაწყვიტა, მისი ჰობი ბიზნესად ექცია – ასე გაიცნო 2021 წლიდან მომხმარებელმა „ნისა სტუდიო“.
დღეს უკვე სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მცირე ხის ავეჯის საწარმო დაფუძნდა და მუშაობა ბიზნესმოდელის მოდიფიკაციაზე მიმდინარეობს.
-
ჩირის და ტკბილეულის საწარმო „სქირი“
პროგრამის ბენეფიციარი, სპეციალობით წარმოების მენეჯერი ეკატერინე ხუტკუბია აფხაზეთიდან იძულებით დევნილი პირია, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ცხოვრობს, სადაც 2018 წლიდან ხილის ჩირს აწარმოებს.
ეკატერინეს „ბრენდი“ − „სქირი“ მომხმარებელს ქართული ხილის ნედლეულისგან დამზადებულ ნატურალური ხილის ჩირის ფართო ასორტიმენტს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებსა და შოკოლადიანი ჩირის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.
როგორც „სქირი“ დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქცია სრულიად ორგანულია, არ შეიცავს დანამატებს და შენარჩუნებული აქვს ხილში არსებული ვიტამინების 97%, ხოლო ამ ნუგბარის მიღება შეუძლიათ როგორც ბავშვებს (წლის ასაკიდან), ისე ორსულებს, მეძუძურ დედებსა და ასაკოვან ადამიანებს.
ეკატერინე ხუტკუბიას თქმით, მისი საოჯახო ბიზნესი USAID YES-Georgia-ს დახმარებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ცნობადი გახდა, ხოლო უახლოეს მომავალში პროგრამის დახმარებით, ახალი საწარმოს მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც სრულად თანამედროვე, მასშტაბის ზრდისათვის აუცილებელი დანადგარებით აღიჭურვება.
დღესდღეობით, „სქირი“ მომხმარებელს განუმეორებელი გემოვნური თვისებებითა და პროდუქციის სიჯანსაღით ხიბლავს, თუმცა სულ მალე „ბრენდი“ ბაზარს, სრულიად საქართველოს მასშტაბით, კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.
-
ჩირების და ბოსტნეულის ცუკატების საწარმო „კოპეშონი“
ეკატერინე ფარულავა სოხუმიდან დევნილი ექიმია და წლებია ზუგდიდში, დედულეთში ცხოვრობს. 25 წელი პროფესიით იმუშავა, შემდეგ კი გადაწყვიტა თავი სხვადასხვა საქმეში ეცადა.
თავდაპირველად ინტერნეტში მოიძია ის რეცეპტები, რომლითაც შემდგომში შეუდგა მის საქმიანობას, თუმცა აქაც თავისი ხელწერით მნიშვნელოვნად შეცვალა ის რეცეპტები, რომლებიც სხვადასხვა წყაროებში იყო ხელმისაწდომი.
მას შემდგომ, რაც მისი ახალი პროდუქტი არამარტო ოჯახის წევრებს, არამედ გაცილებით უფრო ფართო საზოგადოებასაც მოეწონა, გადაწყვიტა ეს საქმიანობა გაცილებით უფრო სხვა ეტაპზე გადაეყვანა და ბიზნესი დაეწყო. დღეისთვის ეკატერინე სხვადასხვა ტიპის ნუგბარს აწარმოებს.
-
სამკერვალო სალონი „T.J ატელიე“
თათია ჯანაშია ახალგაზრდა მეწარმეა, რომელმაც ჭრა-კერვა თავად შეისწავლა და საქმიანობა ერთ პატარა ოთახში, ძველი საკერავი მანქანით დაიწყო. ამჟამად თათია სხვადასხვა აქსესუარებს, ორნამენტებს და ტანსაცმელს კერავს.
მოგვიანებით, თათიამ პროგრამა USAID YES-Georgia-ს „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ შესახებ შეიტყო. სასწავლო კურსის წარმატებით გავლისა და ფინალში მოხვედრის შემდეგ, პროგრამისგან დაფინანსების სახით 8,300 ლარი მიიღო, რომელიც ბიზნესის გაფართოებას მოხმარდა:
შეიძინა საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები, გადავიდა ახალ ფართში და მიიზიდა მეტი მომხმარებელი, რადგან ძირითადი საშუალებების არქონის გამო, მეტ დროს კონკრეტული შეკვეთის დასრულებას ანდომებდა.
მიუხედავად ბევრი სირთულეებისა და პრობლემებისა, თათია მის საქმიანობას დღემდე წარმატებით აგრძელებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროგრამის შესახებ:
USAID-ის პროგრამა – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES–Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
- 2016 წლიდან პროგრამამ მოიცვა 8000-ზე მეტი მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანი;
- ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში დაფინანსება მიიღო 110-მა ახალგაზრდამ;
- სპეციალურ სასკოლო სამეწარმეო პროგრამაში ჩაერთო 500-ზე მეტი მოსწავლე;
- ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3000-ზე მეტმა ქალმა მიიღო უფასო წვდომა ფინანსურ განათლებასა და პიროვნული უნარების განვითარების „ტრენინგებზე“;
- ბიზნესსაკონსულტაციო კომპონენტის ფარგლებში ბიზნესმომსახურება, 500-ზე მეტმა ქალბატონმა მიიღო.
USAID-ის პროექტის – YES GEORGIA-ს ხელმძღვანელმა, ნინო ლაგვილავამ „ფორტუნასთან“ საუბრისას 8 წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და გვითხრა, რომ პროექტმა მეწარმეობის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
მისი ინფორმაციით, USAID YES-Georgia 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ფოკუსირებული იყო უშუალოდ ახალგაზრდა მეწარმეთა გაძლიერებაზე. 2019 წელს კი, როცა ახალი დაფინანსება მიიღეს, აქცენტები მთლიანად ქალი მეწარმეების განვითარებაზე გადაიტანეს.
პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამუშავდა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც, რომელიც ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალ მეწარმეებს ემსახურებოდა.
„გვქონდა სხვა კომპონენტებიც, სადაც ასაკის მიუხედავად, უფრო მოწიფული მეწარმეების მხარდაჭერით ვიყავით დაკავებული.
შედეგი მართლაც უზარმაზარია, ჯერ მხოლოდ მდგრადობის თვალსაზრისით ვიტყვი – მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, არის თავისი გამართული მოდულებით და ძალიან სერიოზული „ტრენერებით“, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გაიზარდა.
მდგრადობის თვალსაზრისით, ამ პროექტში მონაწილეობდა „კრისტალის“ შვილობილი ორგანიზაცია – კრისტალ კონსალტინგი, რომელიც პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა და ახლა მეწარმეებს სრულ ბიზნესმომსახურებას უწევს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, დაფარვა იყო სრული, რა თქმა უნდა, ბენეფიციარები სხვადასხვა რაოდენობით მონაწილეობდნენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 2016 წლიდან რაოდენობრივად, პირველ კომპონენტში 110 ახალგაზრდა დავაფინანსეთ, 2000-მდე ახალგაზრდამ კი მონაწილეობა რამდენიმე დონის „ტრენინგებში“ მიიღო.
მეორე კომპონენტში 1500-მდე ქალს მოვემსახურეთ და აქედან სხვადასხვა „ტრენინგების“ ფარგლებში – ფინანსური განათლება, ბიზნესის მართვა და რაც ც ყველაზე საინტერესოა, მათ სხვადასხვა უნარები განივითარეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მათ სჭირდებათ კონტაქტები, ჩვენ გვაქვს მსხვილი შიდა ქსელი, რომელშიც 3 000-ამდე ქალია გაერთიანებული და სადაც ისინი ერთმანეთს ცოდნას, ინფორმაციასა და გამოცდილებას უზიარებენ.
ახლახან შეიქმნა ასოციაცია, დამიკავშირდნენ, რომ რეკომენდაცია გავუწიო და მათი სურვილია, თბილისში შექმნან ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციის სივრცე.
ეს იქნება საგამოფენო და პროდუქტის გასაყიდი სივრცე და ვიცით, რომ მათი ნაწარმი სხვადასხვა თემატიკაზეა, უამრავ პროდუქტს ქმნიან. ამდენად, ჩვენმა 8-წლიანმა აქტივობამ მეწარმეობა წინ ძალიან სერიოზულად წასწია და მინდა, ამ ქალებს დიდი წარმატება ვუსურვო“. – გვითხრა ნინო ლაგვილავამ.