LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერესი აფხაზეთის რკინიგზაში თუ უბრალოდ სამუშაო ვიზიტი – რა არის სომხეთის ახალი პრემიერის ჩამოსვლის რეალური მიზეზი

99

ნიკოლ ფაშინიანი, მას შემდეგ რაც სომხეთის ახალი პრემიერმინისტრი გახდა, პირველი ოფიციალური ვიზიტით სამეზობლოს, საქართველოს ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლამდე, სოჭში უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ოფიციალური ვიზიტის ფორმატში, პირველად შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შედგა.

„სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა. ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ,“ – განაცხადა ფაშინიანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტის სიმბოლურობაში ორივე ქვეყნის – სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს დამთხვევას გულისხმობდა. თუმცა, ამ ვიზიტისას სხვა სიმბოლურ დამთხვევაზე საუბრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, სომხეთის მთავარი ინტერესი საქართველოში არის აფხაზეთის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა, შესაბამისად, რუსეთი მას ამ თემის წამყვან ფიგურად იყენებს, ოღონდ ისე, რომ ამ საკითხში თავად სომხეთიცაა დაინტერესებული.

„ჩვენ განებივრებული არ ვართ ხოლმე ასეთი პირველი ღამის უფლებით. მე მაინც მგონია, რომ არც უნიჭო პოლიტიკოსია, არც წინდაუხედავი, საკმაოდ თამამი პოლიტიკოსია და სავარაუდოა, რომ ასეთ ვიზიტს როცა გეგმავდა, უკვე ქონდა გარკვეული მონახაზი იმისა, რა შედეგს მოუტანდა მას, როგორც დღვანდელი სომხეთის ხელმძღვანელს, ეს ვიზიტი. ეს ინტერსი შეიძლება იყოს რკინიგზა,“ – აცხადებს საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა იმართებოდა მოსკოვიდან და ის მხოლოდ ხალხის სურვილს არ მოუყვანია.

„შესაბამისად, რუსეთი იმის მაგივრად, რომ თვითონ გამოვიდეს ამ მოლაპარაკების წამყვან მხარედ რა თქმა უნდა, მისთვისაც ხელსაყრელია და თვითონ პრობლემის გადაჭრისთვისაც. რუსეთს სურს ამ თემაში, რკინიგზასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარე იყოს სომხეთი და სწორედ მან უხელმძღვანელოს ამ თემას. თუმცა, სომხეთის ინტერესიცაა ეს რკინიგზა. ანუ სომხეთი დაინტერესებული შუამავალია,“ – აღნიშნა საყვარელიძემ.

საყვარელიძისგან განსხვავებით, ამ ვიზიტში რაიმე სახის ქვეტექსტებს ვერ ხედავს გია ხუხაშვილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში, არის სამუშაო ვიზიტი და სხვა არაფერი.

„ეს არის გაცნობითი შეხვედრა, ასეთი სტანდარტია საერთაშორისო ურთიერთობებში. პირველ ვიზიტს ახალი ხელისუფალი სამეზობლოში ახდენს ხოლმე. რეგიონში სომხეთი სხვა ქვეყანაში ვერ წავიდოდა. ყველასთან პრობლემები აქვს. ერთადერთი  საქართველოში შეეძლო ჩამოსვლა და ასეთი გაცნობითი ხასიათის ვიზიტით  ჩამოვიდა. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტული დღის წესრიგი შეიძლება ყოფილიყო. ეს არის ჩვეულებრივი გაცნობითი შეხვედრა. ფაშინიანი არის ახალი პრემიერმინისტრი, მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე დღის წესრიგი და  ეს იყო წმინდა გაცნობითი შეხვდა,“ – განუცხადა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“.

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს დადებითად აფასებს კიდევ ერთი ექსპერტი გია ნოდია. როგორც მან „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, კარგია, როცა ახლადარჩეულმა ხელისუფალმა პრიორიტეტი მიანიჭა საქართველოს და ერთ-ერთი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში გამართა. თუმცა, ნოდია არ გამორიცხავს, რომ ამ ვიზიტის მიღმა იმალებოდეს რკინიგზის ინტერესიც.

„არ მგონია, სომხეთში მთავრობის შეცვლით, რკინიგზის პროექტის მიმართ საქართველომ პოზიცია შეიცვალოს,“- აღნიშნა ნოდიამ.

ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

 

შეხვედრების დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან ვარაუდი გამოთქვა, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის საკითხი ფაშინიანის ვიზიტისას განსახლველ საკითხებს შორის არ იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g