LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერესთა კონფლიქტი და  საფრთხეები – რა იცვლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნით

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თანახმად,  2019 წლიდან  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლედ.

ამავე სამსახურის ფარგლებში შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმიც, რომლის შექმნასაც არასამთავრობო სექტორი უკვე წლებია, ითხოვს. თუმცა, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რელევანტურია, სამსახურს, რომელიც, ერთი მხრივ, უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს (პერსონალურ მონაცემებს), მიენიჭოს საგამოძიებო ფუნქციები.

არასამთავრობო სექტორში მსგავსი ცვლილების ალგიკურობაზე მიუთითებენ და ინტერესთა კონფლიქტსაც ხედავენ.

არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს ერთი კვირის წინ გაეცნო, ერთ კვირაში კი საკითხზე საკუთარი მოსაზრებები წერილობით უნდა წარადგინოს. ინტერესეთა კონფლიქტზე, რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობენ საია-ში.

იურისტი მერი დაუშვილი “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვასთან საგამოძიებო პროცესი სრულიად შეუთავსებელია.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ასევე, აკონტროლებს საგამოძიებო უწყებას გამოძიების პროცესში, რომ მათ სწორად დაამუშავონ პერსონალური მონაცემები, ხოლო თუ თვითონ ამ აპარატს ექნება საგამოძიებო ფუნქცია, მაშინ გამოვა, რომ რიგ შემთხვევაში საკუთარი თავის კონტროლი მოუწევს. ინტერესეთა კონფლიქტი იქნება იმიტომ, რომ მისი სამსახურის ერთი ნაწილი რომ ატარებს გამოძიებას, მეორე ნაწილმა უნდა აკონტროლოს, რამდენად იცავენ პერსონალურ მონაცემებს ამ გამოძიების პროცესში. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან საგამოძიებო პროცესი სრულიად შეუთავსებელია,“ –  ამბობს მერი დაუშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საკუთარი საქმიანობისას სრულიად გამიჯნული უნდა იყოს საგამოძიებო მოქმედებებისგან.

„ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, რა შუაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ეს არის ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციები.

“ერთი-ერთი შემოთავაზებული არგუმენტი იყო ის, რომ ხარჯების დაზოგვაზეა საუბარი, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სახალხო დაცველის ინსტიტუტთან შეერთხება, ვიდრე დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან,“ ამბობს მიხეილ ბენიძე.

მერი დაუშვილი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პოზიცია ხარჯების შემცირებასთან, რეალობისგან შორს დგას.

„როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტორს სრულიად ახალ ფუნქციას უთავსებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ხარჯები მაინც გასაწევი იქნება. ცალკე შექმნიდნენ ამ ორგანოს თუ მათ მიერთებდნენ ამ ფუნქციას, არ გვგონია, რომ დიდ განსხვავებას იძლეოდეს ფინანსური თვალსაზრისით,“ – აცხადებს დაუშვილი.

კანონპროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი განსაკუთრებით აკრიტიკებს, ისაა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოსაძიებელი საქმეების საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს.

მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს არსებულ გამოწევევებზე პასუხს, რომელზეც ისინი საუბრობდნენ და რა სახითაც ითხოვდნენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას.

„თუ დევნა კვლავ პროკურატურის ნაწილში იქნება, მხოლოდ დამოუკიდებელი მექანიზმის მიერ ფაქტების შესწავლა არ იქნება საკმარისი. ამ კანონპროექტით დევნის ფუნქცია კვლავ პროკურატურაში რჩება. არადა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროკურატურის მიმართ ნდობა არაა, ან ნაკლებია,“ ამბობს მიხეილ ბენიძე.

მერი დაუშვილი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში, როცა საპროკურორო ზედამხედველობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციები კვლავ პროკურატურაში რჩება, ცვლილებები აზრს კარგავს და მექანიზმი, რომლის შემქნაც იგეგმება, დამოუკიდებელი ვერ იქნება.

„გამომძიებლის უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მცირე, პროკურორის – დიდი. მაგალისთვის, პროკურორს შეუძლია, გამომძიებლის მიერ დაწყებული გამოძიება შეწყვიტოს, შეუცვალოს კვალიფიკაცია. ამასთან, პროკურორის გარეშე გამომძიებელი ვერ ჩაატარებს ჩხრეკა-ამოღებას, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. რეალურად, არსობრივად არაფერი იცვლება,“ აღნიშნავს მერი დაუშვილი.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ დანაშაულის გამოძიება შედის, რომელსაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ჩაიდენენ; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააკონტროლებს ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოსაძიებელი საქმეების მიმართ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას განახორციელებას საქართველოს მთავარი პროკურატურა.

სახელმწიფო ინსპექტორს შეარჩევენ შემდეგი წესით: საკონკურსო კომისიას პრემიერ-მინისტრი ქმნის. კომისიაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე, ომბუდსმენის და ომბუდსმენის მიერ დანიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორი დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს.

სახელმწიფო ინსპექტორზე და ამ სამსახურის მოხელზე რაიმე ზემოქმედება ან სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა კანონით ისჯება;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქედება 2019 წლიდან იგეგმება და მისი საგამოძიებო ქვემდებარეობა 2019 წლის 1 იანვრიდან ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება.

 

 

თაკო ივანიაძე 

 

magti 5g