LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერიერის დიზაინი, როგორც თავგადასავალი

358
01

ზოგჯერ, როცა სოციალური ქსელისთვის დროის დათმობა გეზედმეტება და საკუთარი ანგარიშის დახურვის პირას დგები, აი, სწორედ მაშინ, ალბათ, განგების ძალით, ვირტუალურ სივრცეში ისეთ ადამიანს წააწყდები, ისე მოგხიბლავს საქმესა და სიტყვაში გამოხატული მისი ინდივიდუალიზმი, რომ ცოტა ხნით გადადებ განზრახულს და საკუთარ თავს გამოუტყდები, რომ ამ უამრავი უსარგებლო ინფორმაციითა და მძიმე აურის მქონე სივრცეში ყოფნა თუნდაც ასეთი საინტერესო ადამიანების საპოვნელად ღირდა.

ლელი შევჩენკო რამდენიმე წლის წინ ფეისბუკის მეშვეობით გავიცანი. მას შემდეგ აქტიურად ვადევნებ თვალს მის საქმიანობას, ყურადღებით ვეცნობი მის ნააზრევს. პირადად სულ რამდენიმე თვის წინ გავიცანი და მისი სამყაროს „ფორტუნას“ აუდიტორიისთვის გაცნობის უფლებაც სწორედ ამის შემდეგ ვითხოვე.

ლელი არქიტექტორ-დიზაინერია. თუ ამ ინტერვიუს ბოლომდე ჩაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ ამ პროფესიამ მას არა მხოლოდ რაღაც ახლის შექმნის, არამედ საკუთარი პიროვნების შენების შესაძლებლობაც მისცა. საუბარი, ცხადია, სულ თავიდან დავიწყეთ, პროფესიული არჩევანის ბიძგით:

– ჩემს ცხოვრებაში მოვლენები ისეთი თანმიმდევრობით განვითარდა, რომ თავისთავად და ბუნებრივად მოვიდა არქიტექტურის სფეროში მუშაობის გადაწყვეტილება, თუმცა მანამდე საკმაოდ გრძელი და არც ისე მარტივი გზა გავიარე. სამი პროფესიის გზაჯვარედინზე ვიდექი: ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა-სამწერლო საქმიანობა თუ სახვითი ხელოვნება? სახვითი ხელოვნებისკენ გადავიხარე, რადგან ერთი დღეც ვერ წარმომედგინა რაიმე არ შემექმნა, სულ ვხატავდი, ვძერწავდი, აქსესუარებს ვქმნიდი.

ზოგადად, რემონტი, ნახაზების ხაზვა და ნგრევა-შენება ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემთვის, რადგან ჩემი მშობლები ყოველთვის საკუთარი ხელით ხაზავდნენ, გეგმავდნენ. მამა მრავალმხრივი ნიჭის პატრონი იყო. გარდა იმისა, რომ კვანტურ ფიზიკაში მეცნიერი გახლდათ, ხაზვა, გეომეტრია, აქსონომეტრია და მათემატიკა მისთვის მარტივი თემები იყო, თან ხელმარჯვე ოსტატიც გახლდათ, ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ხოლო დედა – ფორტეპიანოს პედაგოგი და მუსიკოსი ხატვის და სახვითი ხელოვნების ნიჭითაცაა დაჯილდოებული, სულ ქსოვს, ქარგავს, კერავს, ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის, ხაზავს გეგმარებებს, ძალიან კარგად შეუძლია სივრცის წარმოდგენა.

სადაც კი ვცხოვრობდით (ჩვენმა ოჯახმა რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალა, აფხაზეთის დაკარგვამდე სოხუმშიც ვცხოვრობდით, იქ ბინა და აგარაკი გვქონდა), ყველაფერს საკუთარი ხელით ვაშენებდით, ვარემონტებდით, საკუთარი ძალებით ვცვლიდით სივრცეებს… ერთი სიტყვით, არქიტექტურასა და დიზაინამდე იმიტომ მივედი, რომ ეს სფერო აღმოჩნდა ჩემთვის ყველა ამბიციისა და მიზნის ასრულების საშუალება. აქ შეგიძლია შემოქმედებითიც იყო, მენეჯმენტიც გასწიო, ფსიქოლოგის ამპლუაშიც ამოყო თავი და რაღაც კუთხით ჯადოქრადაც კი იგრძნო თავი, რადგან უსაზღვრო შესაძლებლობები გაგაჩნია, ისიც კი შეგიძლია, დადებითი მიმართულებით შეცვალო ერთი შეხედვით უინტერესო ადგილი და გააცოცხლო სივრცე…

– განათლება, რომელიც მიიღეთ, რამდენად საკმარისი აღმოჩნდა ფართო ასპარეზზე გამოსასვლელად, დაგჭირდათ თუ არა განვითარებისთვის დამატებითი გზების და საშუალებების ძიება?

– შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თავდაპირველად სამხატვრო აკადემიაში თეატრისა და კინოს მხატვრობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც საკმაოდ რთული კონკურსის შედეგად (ყოველგვარი პროტექციის გარეშე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპის საკითხი იყო) მოვხვდი. ეს პერიოდი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა – ვაწყობდით გამოფენებს, ვქმნიდი მაკეტებს, მარიონეტებსა და თოჯინებს, ნიღბებს, ვაფორმებდი სპექტაკლებს მოსწავლეთა სასახლეში, თსსუ სტუდენტურ თეატრში, თუმცა მხოლოდ შემოქმედებითი მუშაობა არ მყოფნიდა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველა თვალსაზრისით დამოუკიდებელი უნდა ვყოფილიყავი, როგორც შემოქმედებაში, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მაგრამ ამ პროფესიამ ვერცერთი ვერ მომცა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი სანაცნობო წრე მყავდა და მუდმივად ვცდილობდი, ისე დამეგეგმა რაღაც, რომ რამდენიმე სფერო გაერთიანებულიყო. სამხატვრო აკადემიის სტუდკავშირის წევრიც ვიყავი. კონსერვატორიისა და თეატრალური ინსტიტუტის სტუდკავშირებთან მემორანდუმი დავდეთ, ყველაფერი საკუთარი ძალებით დავაორგანიზეთ, გვქონდა რამდენიმე ერთობლივი პროექტი, სტუდენტური თეატრის ჩამოყალიბებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც პროტექციის აუცილებლობამდე მივიდა, რაც ისევ კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის…

ამასობაში 2000 წელი დადგა. ეს ის დრო იყო, როცა ჯერ კიდევ საკმარისად ითვლებოდა ხელით მაკეტირება და ხაზვა-ხატვა, მაგრამ ტექნოლოგიების ხანა მოდიოდა და კომპიუტერი ყველა პროფესიაში საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტი ხდებოდა. ჩემთვის კი გრაფიკული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ პერიოდში თბილისში ძალიან ცოტა ფლობდა CAD და 3D პროგრამებს. ვინც იცოდა, სრულად დატვირთული იყვნენ და არც ასწავლიდნენ. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ეს პროგრამები უნდა მცოდნოდა. მშობლებმა ნორმალური სიმძლავრის კომპიუტერი შემაძენინეს, ბუკინისტებთან ინგლისურ და რუსულ ენებზე სასწავლო წიგნებიც ვიშოვე, რომლებსაც მთელი ზაფხული ვუჯექი და სრულიად მარტომ, მხოლოდ წიგნებზე დაყრდნობით ვისწავლე გრაფიკული პროგრამების სრული კომპლექტი. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, მაგრამ ნებისყოფა და მიზანდასახულობა ამოცანის დაძლევაში დამეხმარა. იმავე შემოდგომაზე დავიწყე  ერთ-ერთ სასწავლო, ტრენინგ ცენტრში ლექტორად მუშაობა, სადაც ვასწავლიდი ფოტოშოპს, Archicad-ს, 3D MAX-ს და ა.შ. სილაბუსის დაწერა არ გამჭირვებია, რადგან პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, დედაც, ბიძაც, ბიცოლაც პედაგოგები მყავს და მათთან გავიარე კონსულტაცია, როგორ შემედგინა სასწავლო პროგრამა.

ჯერ კიდევ 21 წლის ვიყავი, როცა გრაფიკული პროგრამების ლექტორად მიმიღეს. სამი წელი ვასწავლიდი და გამოცდებს ვუტარებდი ჩემზე ასაკით ორჯერ და სამჯერ უფროს ხალხს. მას შემდეგ, რაც პროგრამებში მუშაობის გამოცდილება დავაგროვე და ხაზვა–პროექტირებაც კარგად ვისწავლე, მაგისტრატურაზე არქიტექტურის განხრით ჩავაბარე. ამ სფეროს პროფესიონალმა, ბატონმა თემურ ჯორჯაძემ განსხვავებული სფეროდან მისული სტუდენტი იმ პირობით მიმიღო, რომ სემესტრში, ერთის ნაცვლად, ორი ან სამი მოცემულობა უნდა გამეკეთებინა. ჩემმა სტუდენტურმა პროექტმა პირველი სემესტრის დახურვისას პრიზი აიღო. სხვათა შორის, არქიტექტურულ დაკვეთებზე მუშაობა მაგისტრატურის დამთავრებამდე დავიწყე, შემდეგ კი სხვადასხვა საპროექტოში.

2013 წლის ბოლოს, „მეიდან ჯგუფში“ მუშაობის პარალელურად, თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირება გავიარე. საინვესტიციო პროექტებზე მუშაობამ და ძეგლთა დაცვის სიმინისტროში არქიტექტურული კომისიების გავლამ ნათლად დამანახვა, რომ ძლიერი, შემდგარი არქიტექტორი არამარტო არქიტექტურულ განათლებას უნდა ფლობდეს, არამედ ბიზნეს გეგმის შედგენა და წარდგენაც უნდა იცოდეს. არც ისე მარტივი რეჟიმი მქონდა – დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე კომპანიაში ვმუშაობდი, შემდეგ, 8 საათიდან 11 საათამდე ლექციებს ვესწრებოდი, ღამე კი უნივერსიტეტის დავალებებსა და კერძო დაკვეთებზე ვმუშაობდი. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, 3-4 საათის ძილის ხარჯზე ხდებოდა, მაგრამ ასეთ დიდ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა, რადგან ამ პერიოდმა უზარმაზარი ცოდნა, გამოცდილება და ურთიერთობები შემძინა. სწორედ ამ გამოცდილების წყალობით გადავადგი გამბედავი ნაბიჯები და 2013 წელს საკუთარი კომპანია დავაფუძნე, ავაწყვე მუშაობის საკუთარი რეჟიმი და დიზაინის ბაზარზე საკუთარი საპროექტოთი შემოვედი. 2013 წელსვე დავიწყე საოჯახო სასტუმროს აწყობაც, რომელიც ბორჯომის ხეობაში მდებარეობს და მას მთელი ოჯახი ყოველწლიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვმატებთ რაღაც ახალს.

– პირველი პროექტი, რომელიც ინდივიდუალურად განახორციელეთ. რა იყოს მასში ყველაზე დიდი გამოწვევა და მის რომელ კომპონენტზე მუშაობამ მოგგვარათ განსაკუთრებული სიამოვნება?

– პირველი პროექტი, როგორც ინდივიდუალურმა არქიტექტორმა და არა დაქირავებულმა კადრმა, 2012 წელს შევასრულე. ეს იყო ქარვასლის მანსარდში ლოფტის სტილში გადაწყვეტილი საოფისე სივრცე (კულტურის პალატის ოფისი). ამ პროექტმა 2013 წელს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ინტერიერი“. პროექტს დიდხნიანი კვლევითი, არქიტექტურული და სარემონტო სამუშაოების ისტორია აქვს. სიონის ქარვასლა (სიონის ტაძართან მდებარე ისტორიული შენობა) განსაკუთრებულად მიყვარს. „მეიდან ჯგუფში“ მუშაობისას ვახტანგ ბერიძის და მაია მანიას კვლევების დეტალური გაცნობა-შესწავლა და მიწისქვეშა სარდაფების საგულდაგულოდ თვალიერება მომიწია (ამ შენობას მიწისქვეშ კიდევ ორი სართული აქვს, არხები მდინარის ქვეშ გადის, ქარვასლაში ხომ პირდაპირ მტკვრიდან მოდიოდნენ ნავებით და ახლა რომ ივენთ ჰოლია, ისინი იქ შემოჰყავდათ მოვაჭრეებს. მე-19 საუკუნის ბოლოს მდინარის დონემ დაიწია, მტკვარიც ბეტონის არხებში მოაქციეს, რიყეზე გაშენებული დასახლება – მადათოვი  კომუნისტებმა მოშალეს, წისქვილებიც აიღეს…) მშენებლებთან ერთად, ნესტიან და ბნელ სარდაფებში, საათობით ვეძებდი დამაკავშირებელი ისტორიული დერეფნების კვალს ქარვასლასა და მანთაშევის შენობას შორის, შემდეგ კი ამ დერეფნების გათხრების პროცესსაც ვადევნებდი თვალს, ის ხომ მიწით იყო დაფარული… სიმაღლის შიშის მიუხედავად ხშირად მიწევდა სახურავზე სიარულიც, რადგან ატრიუმის დიზაინიც ჩემი მუშაობის პერიოდში შეიცვალა და შენობა სამგანზომილებიან პროგრამაში რეალისტურად რომ ამეწყო, ფეხით უნდა შემომევლო და დეტალურად ამეზომა, ჩამეხატა თითოეული ქანობი, ორნამენტი… ამ შენობის გვერდით გაყოლებულ სასეირნო ნაწილს, ახლა რომ მწვანე რიგი ჰქვია, ბნელი რიგი ერქვა ისტორიულად და სათითაოდ მაქვს დაძებნილი შენობის ფასადზე აგურის წყობა, ისტორიული აივნების კვალისთვის რომ მიმეგნო და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის დამემტკიცებინა ხიდის ისტორიულობა… აქ მივიღე პირველად „შველერებისგან“ აწყობილი ხიდი-კონსტრუქციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, ეს ხიდი აკავშირებს ქარვასლასა და მანთაშევს. მშენებლობის პროცესში მასზე გადასვლისას შიშისგან სული მეპარებოდა, მაგრამ თუ არ ვნახავდი როგორ ეწყობოდა სტრუქტურა, მშენებლების კითხვებს პასუხს ვერ გავცემდი… ერთი სიტყვით, ჩემი და ამ დიდი ისტორიული შრეების მქონე შენობის ურთიერთობა ამოუწურავია.

– ჯამში, რამდენი წელია, რაც თქვენს საქმეს უძღვებით, დაახლოებით რამდენი პროექტი განგიხორციელებიათ და უფრო მეტად რა სახის?

– 20 წელზე მეტია, არქიტექტურასა და დიზაინში ვმუშაობ და დღესაც ისევე ვარ შეყვარებული ამ პროფესიაზე, როგორც მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ეს სფერო მაძლევს საშუალებას მუდმივად განვვითარდე, შევქმნა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი. ჩემთვის საუკეთესო ადრენალინია, როდესაც ან ნულიდან ვიწყებ მუშაობას ან არსებობს რაღაც ძველი სივრცე და მას რადიკალურად ვუცვლი სახეს. ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის თავგადასავალი, ჩემი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილი… ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ, დაახლოებით, 300-მდე პროექტი მაქვს განხორციელებული და დაგეგმარებული, მათ შორისაა 30-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქი, ესთეტიკის ცენტრი, 20-ზე მეტი საუნივერსიტეტო სივრცე, აუდიტორია, 20-ზე მეტი საოფისე სივრცე, ამდენივე კაფეტერია და რესტორანი, სასტუმრო და ჰოსტელი, რამდენიმე შოურუმი და მაღაზია, 100-ზე მეტი კერძო ბინა, აპარტამენტი, კერძო სახლი.

– აქვე ვიკითხავ დამკვეთებთან ურთიერთობის შესახებაც, რა აყალიბებს ნდობას თქვენ შორის და რით ხელმძღვანელობთ თითოეულ პროექტზე მუშაობისას?

– ნდობა თავიდანვე ყალიბდება, კერძო სექტორში განსაკუთრებით. თუ ადამიანი არ მიიღე, მის სივრცეზე ვერ იფიქრებ და იმუშავებ. კერძო ბინასა თუ სახლზე მუშაობისას, თუ თავიდან ბოლომდე არ გაითავისე მისი მეპატრონისა და ოჯახის ხასიათი, ცხოვრების რიტმი, რუტინა, ვერ შექმნი მათზე მორგებულ და კომფორტულ, ინდივიდუალურ პროექტს. ამავე დოზით უნდა გენდობოდეს დამკვეთიც, რათა ბოლომდე წამოგყვეს სტილისტიკის დაგეგმვისას. პროექტი დამკვეთისა და არქიტექტორის ტანდემზე დგას.

– თქვენთვის გამორჩეული პროექტიც აღვნიშნოთ, ისეთი, რომელმაც ან რაიმე ახალი მიმართულებისკენ გიბიძგათ ან, დაბრკოლებიდან გამომდინარე, გარკვეული გამოცდილება შეგძინათ?

– მიმაჩნია, რომ არ არსებობს პატარა და დიდი პროექტი. როცა რაღაც ახალი გინდა თქვა, ამის შანსს ყოველთვის გამონახავ. გამორჩეული რამდენიმე მაქვს, მათ შორისაა ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი, სადაც გარდა დიზაინისა და მონიტორინგისა, მოხატვითი სამუშაოებიც დავაორგანიზე და იმდენად ვიყავი ყველა პროცესში ჩართული, რომ რამდენიმე კვირა, ფაქტობრივად, კლინიკაში ვცხოვრობდი – მივდიოდი დილის 8 საათზე და ღამის პირველ საათზე გამოვდიოდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, ვინაიდან ეს იყო ბავშვთა პოლიკლინიკა, სადაც პატარები არც ისე მსუბუქი დიაგნოზით ხვდებიან და მიზნად დავისახე, მათთვის რეკორდულად მცირე დროში ზღაპრული სამყარო შემექნა. ყველა ეტაპი იდეალურად ჩატარდა. ამაში დიდი წვლილი ჩემს მეგობრებსა და მაშინდელ ბიზნესპარტნიორებს სოფო ბეიტრიშვილსა და ნატალი ზურაბიშვილს მიუძღვით. მოწვეულმა 13 მხატვარმა კი ღამეები ათენა, ის საოცრებები რომ შეექმნათ, რაც დღეს პოლიკლინიკაში გვხვდება.

– როგორ აყალიბებს საკუთარ სტილს არქიტექტორ-დიზაინერი?

– ჩემთვის ყველა სტილი და მიმართულებაა საინტერესო, დაწყებული მინიმალიზმით, დასრულებული კლასიკით. მთავარი ის არის, კონკრეტულ მოცემულობას რომელი უფრო მიესადაგება. დიდად არ ვაღიარებ ტრენდებსა და ტენდენციებს, მთავარი ფუნქციონალურობა და ინდივიდუალურობაა. როდესაც ჩემთან ინტერიერის დასაკვეთად მოდიან, აქვთ მოლოდინი, რომ უნიკალურ და მათ ამოცანაზე იდეალურად მორგებულ დიზაინს მიიღებენ. 100-დან 90 შემთხვევაში ასეც ხდება, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც ჩაფიქრებულის მსგავსად ვერ გამოსულა, რადგან არსებობდა ხელის შემშლელი ემოციური ბარიერები – ზოგჯერ შეიძლება ახლობლის დაკარგვით პარალიზდე, ვერაფერი შექმნა და შემოქმედებითად ერთ ადგილზე გაიყინო. ამის საპირწონედ ყოფილა ისეთი მომენტებიც, როდესაც ობიექტზე შეუძლოდ მყოფს მიმუშავია, ბოლომდე მიმიყვანია საქმე და ვერც კი შეუმჩნევიათ, რომ მაღალი სიცხე მქონდა, ფიზიკურად ცუდად ვიყავი, მაინც იქით ვამხნევებდი ყველას.

– თქვენს საქმეში შეფასების მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ.

– არქიტექტურასა და დიზაინში მუშაობის 20 წლის მანძილზე უამრავი ქათინაური და კრიტიკაც მიმიღია. როდესაც ქალი ოჯახის შექმნის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას საკუთარი პროფესიით და კარიერაში რჩება, ეს ცალსახად ნიშნავს ერთს, მას გვერდით ძლიერი მამაკაცი უდგას, ვინც დიდ ძალას აძლევს. კიდევ ერთი მითი მესმოდა და მესმის, რომ მამაკაცებს ძლიერი, წარმატებული ქალები არ მოსწონთ, არადა არ არის ასე. ჩემი მეუღლე, პირველი მეგობარი, ერთდროულად წრფელი კრიტიკოსი და უპირობო მხარდამჭერია, რამაც თავდაჯერება, საკუთარი თავის პროფესიონალად აღქმის განცდა ჩამომიყალიბა, მაგრამ მაქვს ერთი გამორჩეული მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ერთხელ შინ დაბრუნებული მამა, ღიმილიანი სახით შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: „ლელუკა, მამა, მომეწონა. დღეს შევედი იმ სივრცეში, შენ რომ გააკეთე. მოწიწება და სიამაყე ვიგრძენი, ისეთი დიდებულია“. ჩამეხუტა წამიერად და სწრაფად,  უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან. ყველაზე დიდი ქათინაური ეს იყო, ალბათ…

– თქვენი, როგორც შემოქმედი ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში რამ ითამაშა დიდი როლი?

– ჩემთვის შთამაგონებელი არქიტექტურული შედევრი და ერთგვარი კომპასი გემოვნებაში გახლავთ ფრენკ ლოიდ რაიტის გენიალური „სახლი ჩანჩქერზე“, ალბათ, ერთადერთი პროექტი, რომელზეც ავტორი, ორგანული არქიტექტურის ფუძემდებელი ამბობდა, რომ ნორმალური არქიტექტურა შექმნა (70 წლის იყო, როცა სახლის მშენებლობა დასრულდა). პენსილვანიაში მდებარე სახლი ჩანჩქერზე ეკოლოგიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მისი მშენებლობა რაიტმა ამერიკელი მილიარდერის, კაუფმანის შეკვეთით 1930 წელს დაიწყო და 1939 წელს დაასრულა (საინტერესოა ისიც, რომ სახლის მშენებლობა 155 000 დოლარი დაჯდა, საიდანაც არქიტექტორის ჰონორარი მხოლოდ 8000 დოლარს შეადგენდა). მთის ნაწილი, რომელზეც სახლი დგას, შენობის შიგნით მოექცა და რაიტმა ის ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენა. კონსტრუქციული თვალსაზრისით სახლი უნიკალურია, შენობას ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (1994 და 2002 წლებში) და დამატებით საყრდენები დაემატა. „სახლი ჩანჩქერზე“ არის პროექტი, რომელზეც არქიტექტორების თაობები გაიზარდნენ. ის ლიტერატურული შთაგონების წყაროც გამხდარა – აინ რენდის ნოველა „პირველწყარო“ ძალიან კარგი ნაწარმოებია არქიტექტორის ცხოვრებასა და მუდმივად არჩევანის ზღვარზე ყოფნაზე – საკუთარი შემოქმედებითი იდეების გამო უკომპრომისო გახდე, თუ დამკვეთის და გარემო ფაქტორების გამო შეიცვალო და მათ მოერგო?..

– რა მიგაჩნიათ საქმეში თქვენს ძლიერ მხარედ?

– ზოგადად, არამხოლოდ არქიტექტურაში, საუკეთესო პიროვნულ თვისებად მიმაჩნია ის, რომ მაქვს უნარი საკუთარ თავს მოტივაცია მივცე  და დავდგე ფეხზე მყარად მაშინაც კი, როცა ყველანაირი ლოგიკით, სუსტი უნდა ვყოფილიყავი, წინ ვიარო, რაც უნდა ხელშემშლელი ფაქტორები მაბრკოლებდეს. მიმაჩნია, რომ სიძლიერე სირთულეების გადალახვასა და საკუთარი თავის ჯობნაშია. შემოქმედების მხრივ კი, ყველაზე ძლიერ მხარედ ინდივიდუალურობა მიმაჩნია, ასევე თვითკრიტიკულობა.

– როგორც ვიცი, პროექტებზე შეკვეთებს პირადად იღებთ, ფაქტობრივად, საკუთარი თავის დირექტორი ხართ, ეს ფუფუნებად შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენს დროში, თუ ლოგიკურ გაგრძელებად იმ ცოდნისა და გამოცდილების, რომელიც მიგიღიათ? რას ნიშნავს ჩვენს ეპოქაში იყო საქმიანი ქალი, შემდგარი ადამიანი საკუთარ საქმეში?

– მიყვარს, როცა საკუთარ მიზნებს თავად ვსახავ და თავადვე ვახორციელებ. თავიდანვე საკუთარი სტუდიის შექმნას ვგეგმავდი, ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდე, დავაგროვე გამოცდილება. საკუთარი თავის დირექტორობა, ერთი მხრივ, კარგია, რადგან დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი გაქვს, მეორე მხრივ, დიდია პასუხისმგებლობა. ჩვენს ეპოქაში იყო საქმიანი ქალი, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად, რადგან ქართულ მენტალობაში მაინც გვაქვს გარკვეული სტერეოტიპები, რაც ხელის შემშლელია ხოლმე მუშაობის პროცესში. მაგალითად, არაერთხელი მქონია შემთხვევა, როდესაც ობიექტზე შევსულვარ, დამხვედრია მამის, ბაბუის ასაკის სპეციალისტები, ტექნიკოსები, რომლებიც კოლეგად ქალს არ ელოდნენ, ზოგს ზედმეტად ახალგაზრდადაც მოვჩვენებივარ. თავიდან გოგონათიც კი მოუმართავთ (რაზეც არ გავბრაზებულვარ), მაგრამ მუშაობის პროცესში დამოკიდებულება შეუცვლიათ და ობიექტიდან გამოსვლისას უკვე ქალბატონს მიწოდებდნენ.

– დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების სხვისთვის გადაცემის შესაძლებლობა თუ გაქვთ ან გქონიათ და რამდენად მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან ასეთი ფორმით კავშირი?

– თუ დაკვირვებიხართ, ვიდეოპორტალი Youtube, ბლოგები და სხვა ინტერნეტ პლატფორმები რამდენ სასწავლო ინფორმაციას მოიცავს, სადაც დიზაინერები, ხელოვანები ღიად აზიარებენ საკუთარ ცოდნას, ტექნიკური ხერხების ნაწილს. ეს იმიტომ, რომ კარგად იციან, რაც უფრო მეტ ცოდნას გასცემ, მით მეტს იბრუნებ უკან. მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებაზე არ უნდა ვზრუნავდეთ, ნამდვილი პროფესიონალები მაშინ ვიქნებით, როდესაც ინფორმაციის გაზიარების კულტურა მაღალ დონეზე იქნება. სწორედ ამიტომ გადავცემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ღიად იმ ცოდნის ნაწილს, რაც დიზაინის სფეროში გამაჩნია. სტუდენტებისგან მეც ბევრს ვსწავლობ. 2007-დან 2010 წლამდე დიზაინ პროგრამებში 30-ზე მეტი სტუდენტის დატრენინგება მოვასწარი (სტუდენტების უმეტესობა 25-50 წლის ბიჭები და მამაკაცები იყვნენ, არქიტექტორები). მაშინ ინდივიდუალური სწავლება იყო, ვინაიდან სწავლების სხვა სისტემა არ არსებობდა. დღეს ცხოვრების გაცილებით სწრაფი ტემპია, შესაბამისად, სალექციო პრაქტიკაში თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ (არქიტექტურულმა პროექტებმა დიდი დრო წაიღო) სწავლების მეთოდების განახლება მომიწია.

– საერთაშორისო პროექტებში თუ მოგისინჯავთ ძალები?

– ძირითადად ვორქშოპისა და კონკურსის პირობებში მიმუშავია. ერთ-ერთ მათგანი გახლდათ 2010 წელს ჩატარებული კონკურსი-ვორქშოპი „ძველი თბილისის იდენტობა და სული“, რომლის ფარგლებშიც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS), მერიის, ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ევროპელი არქიტექტორების ჩართულობით ბეთლემის უბნის კონსერვაციის არქიტექტურული დავალება შესრულდა. 2011 წელს გოეთეს ინსტიტუტის ეგიდით მოეწყო საერთაშორისო კონკურსი-ვორქშოპი „Art city“, რომელსაც გერმანელი კონცეპტუალისტი არტისტი სუზე ვებერი ხელმძღვანელობდა. 2012 წელს ასევე გოეთეს ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი-არტ ინსტალაცია „სამყაროს გავლით (ROLL TUBE)“. 2015 წელს უცხოელ ხელოვანებთან ერთად რაჭაში ჩავატარეთ ვორქშოპების საერია „საერთაშორისო არტ სოფელი უწერა“, რომლის კურატორი ანა ლაღიძე, მე კი ერთ-ერთი ვორქშოპის მენტორი გახლდით. ახლაც ვმუშაობ ერთ საერთაშორისო პროექტზე, რომლის შესახებაც სიახლეებს ვიმედოვნებ, მალე გავამჟღავნებ.

– საუბარი თქვენი ყოველდღიურობის შესახებ დავასრულოთ. როგორია თქვენი ერთი დღე იმ ფონზე, რომ მცირეწლოვანი შვილი გყავთ, ოჯახსაც უძღვებით. რას რა ეთავსება უპრობლემოდ და რა არის ის, რაც პრიორიტეტულია?

– ჩემი ყოველდღიურობა არც ისე მარტივია. როცა ჩემი რეჟიმის შესახებ იგებენ, გაკვირვებას ვამჩნევ, პირდაპირაც უკითხავთ, როგორ არ ვიღლები. სამუშაო რეჟიმი, ძირითადად, დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე გრძელდება. ბალანსის დაცვა მარტივი ამოცანა არაა, როცა ერთდროულად ვცდილობ ვიყო შვილის ყოველდღიურობასა და აღზრდაში ჩართული დედა, კარგი მეუღლე და პარტნიორი, ყურადღებიანი შვილი და პროექტებში აქტიური და მობილიზებული ადამიანი. ვცდილობ, სალექციო ნაწილსაც დიდი ენერგია დავუთმო და არც საოჯახო სასტუმრო და საერთაშორისო პროექტი დამრჩეს სათანადო ყურადღების გარეშე. რომ არა მეუღლის და დედაჩემის 100%-იანი ჩართულობა ჩემს რუტინაში, ამ საქმის ნახევარსაც ვერ შევძლებდი. ხშირად მომხდარა, რომ მეუღლეს საკუთარი საქმე გადაუდვია და ჩემს დასახმარებლად წამოსულა, წავუყვანივარ შორ ობიექტზე, დაუორგანიზებია ისეთი საკითხი, რასაც ვერ მოვასწრებდი და ა.შ. დედაჩემი კი მუდმივად მობილიზებულია, რომ ჩემს პატარას არ მოაკლდეს სითბო და ეთამაშოს მას. აი, როგორც მეგობარი ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ვარ, ვეღარ ვახერხებ ვიყო ისეთი ყურადღებიანი, როგორც ადრე, მაგრამ აქაც გარკვეული პრინციპით დალაგდა პრიორიტეტები, გვერდით მყავს ერთგული მეგობრები, ვინც ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ და ჩემგან სტანდარტულ ურთიერთობას არ ითხოვენ. შეიძლება რამდენიმე თვეში ერთხელ ვნახოთ ერთმანეთი ან დავურეკოთ, მაგრამ იმდენად ხარისხიანად გავატაროთ ერთმანეთთან საუბარში დრო, რომ დანაკლისი ავანაზღაუროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g