კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი გაუჩინარდა.
ფრანგული ტელეკომპანია BFM TV-ის ინფორმაციით, 64 წლის ინტერპოლის პრეზიდენტი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ, არ გამოჩენილა.
ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.
საქმეზე საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის პრეზიდენტად არჩევამდე, (2016 წლამდე) მენ ჰუნვეი ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენელი იყო, ის ჩინეთის სახალხო უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ინტერპოლი 1923 წელს არის დაარსებული და მის შემადგენლობაში ამჟამად 190 ქვეყანაა გაერთიანებული. ინტერპოლის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.