საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იპოთეკური სესხის დაფარვაში კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაეხმარება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა და ის ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. მაქსიმალური ოდენობა, რასაც სახელმწიფო დაფარავს, 20 000 ლარს შეადგენს.
განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
განაცხადების მიღება, თბილისში (თამარაშვილის ქ. N15ა), ქუთაისსა (ირაკლი აბაშიძის გამზ. N27) და ზუგდიდში (აღმაშენებლის ქ. N106) არის შესაძლებელი.