იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სურვილს, ჩართული იყოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ეს არის სამართლებრივი საკითხი. იქ, სადაც პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაურია, წესით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა მზად ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ყველა საკითხი,“ – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ საბჭოში პრეზიდენტიც უნდა იყოს. უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კი განმარტა, რომ პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ინფორმირებული იქნება თავდაცვის საკითხების შესახებ, მაგრამ უსაფრთოხების საბჭო პრემიერის აპარტთან არსებული სათათბირო ორგანო იქნება და შემადგენლობაში პრეზიდენტი ვერ შევა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.
„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.
