ექიმი და მუსიკოსი, ჯგუფ Soft Eject-ის წევრი, ირაკლი ჭელიშვილი, რომელსაც საზოაგდოება პეჩოდ იცნობს, რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა და თათა სადრაძის გადაცემაში Art Fm საინტერესოდ ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას, ხომ არ აპირებენ ჯგუფის აღდგენას.
ირაკლი ჭელიშვილი:
„მცდელობა გვქონდა. რამდენიმე კონცერტი გავმართეთ, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით მოტივაცია გვქონდა ნაკლები. ვფიქრობ, რაიმეს კეთება თუ გინდა, აუცილებლად მიზანი უნდა გქონდეს, ჩვენ კი, დიდი ხანია მუსიკალური მიზნები აღარ გვაქვს. აუცილებლად ჩავწერთ რაიმეს, სურვილი თუ გაგვიჩნდა, მუდმივად მუზიცირების ხალისი კი ნამდვილად აღარ გვაქვს.
ძალიან მეცინება, როცა ქართულ შოუბიზნესზე საუბრობენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი – პოლიტიკაა. საზოგადოება სწორედ პოლიტიკოსებს იცნობს, მათ ხედავს მუდმივად ეკრანზე და არა მსახიობებს, მუსიკოსებს ან სპორტსმენებს. სამწუხაროდ, პანდემიამ ისიც გაანადგურა, რაც მანამედ იყო. თუმცა ქართული შოუბიზნესი მანამდეც კორპორატიულ წვეულებას უფრო ჰგავდა, რადგან მოქმედი ხელისუფლებები მხოლოდ 20-მდე მუსიკოსს, კოლექტივს სწყალობენ, ყველა კონცერტზე მათ იწვევენ და ჰონორარიც მხოლოდ მათ აქვთ. ზოგადად, შოუბიზნესის გამართვას სოლიდური თანხა სჭირდება, საქართველო კი, პატარა და მშიერი ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ სფეროშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს“.
