LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭი Soft Eject-დან, რომელმაც მუსიკა და ექიმობა ერთმანეთს ჰარმონიულად შეუთავსა – ,,პეჩო” სტუმრად „არტ-FM“-ში

39
softejectpecho

გადაცემის ლაივი LIVE

9 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი, კლინიკა “ინოვას” ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი  ირაკლი ჭელიშვილი სტუმრობდა, რომელსაც მელომანები ჯგუფის Soft Eject-ის სოლისტის „პეჩოს“ სახელით იცნობენ.

– ბატონო ირაკლი, როგორ ემზადებით ოპერაციისთვის?

– საოპერაციო საუკეთესო ადგილია, რადგან სწორედ იქაა მთელი სამყარო. ოპერაციაზე შესვლილსას ყველაფერი  გავიწყდება და აბსოლუტურად სულერთი ხდება გარე სამყარო. არც გშია, არც გწყურია, საერთოდ ვერაფერს გრძნობ და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი საათი გრძელდება ოპერაცია, რადგან მთელი  ორგანიზმი მხოლოდ ერთ რამეზეა კონცენტრირებული. მერე თქმა უნდა, შიმშილსაც გრძნობ, წყურვილსაც და დაღლაც გახსენებს თავს, მაგრამ ოპერაციის დროს მართლა შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი.

– როგორ ხვდებიან თქვენი კოლეგები რა განწყობაზე ხართ?

– ალბათ იმ მელოდიით, რომელსაც ვღიღინებ. იმდენად ბუნებრივად გამომდის, რომ ხშირად ვერც ვამჩნევ. მართალია, ქართველი კოლეგები დიდი ხანია შეეჩვივნენ ჩემს ამ თვისებას, მაგრამ გერმანიაში, ყველა გავაკვირვე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ავტომატურად ვიწყებდი სიმღერას და ვერავინ ხვდებოდა რას ვაკეთებდი, თუმცა, მალე მათაც მოუწიათ შეგუება.

– რა უფრო მნიშვნელოვანია მუსიკა თუ მედიცინა?

– ჯერ მუსიკა იყო პროირიტეტული, მერე ნეიროქირურგია გახდა. არაფერს ვნანობ და ნამდვილად არაფერს შევცვლიდი, წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ორ საყვარელ საქმეს ვაკეთებდი და ორივეში ვღებულობდი ანაზღაურებას.

– თქვენი მშობლებიც მედიკოსები არიან. მამა ნეიროქირურგი იყო, თუმცა არაჩვეულებრივად მღეროდა, დედა კი, დღემდე ნევროლოგად მუშაობს. რამდენად მისაღები აღმოჩნდა მათთვის თქვენი მუსიკოსობა?

– დედისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რადგან წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ მისი შვილი მუსიკოსი იქნებოდა, მამამ კი, შედარებით მშვიდად მიიღო ჩემი გატაცება. მეტიც, ერთ-ერთ კონცერტზე მომისმინა, სახლში დაბრუნებულს კი, დედისთვის უთქვმას, „კარგად მღერის და იქნებ სწორედ ესაა მისი მოწოდებაო“, რაზეც დედა გაბრაზდება და ბოიკოტის ნიშნად მამას აღარ ელაპარაკებოდა.

– ორი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი გყავთ, რომელსაც ბაბუას სახელი ჰქვია. საინტერესოა, როგორია ერეკლე?

– გეთანხმებით, თუმცა ერეკლე ორივე ბაბუის სახელია. ძალიან რთულია მოკლედ დახასიათება. მასთან ყოფნა ყველაზე დიდი სიამოვნება და ნამდვილი ბედნიერებაა. სიმართლე ვთქვა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი „გიჟი“ ბაბუა ვიქნებოდი.

– ალბათ ყველა სურვილს უსრულებთ?

– ჯერ 2 წლისაც არაა, ამიტომ განსაკუთრებული სურვილები არ აქვს. თუმცა, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბავშვს უპირობოდ უნდა შეუსრულო ყველა სურვილი.

– როგორც ვიცი, ძალიან გიყვართ ძაღლები?

– ზოგადად ცხოველები მიყვარს, კატებიც და ძაღლებიც. ბავშვობაში ქუჩის ძაღლებს ვუვლიდი, მთელმა უბანმა იცოდა და სადმე მანქანა თუ დაეჯახებოდა პირველ რიგში მე მაკითხავდნენ. ყველა ძაღლი სახლში მიმყავდა და გამოჯანმრთელებამდე ჩემთან ცხოვრობდა. ძალიან განვიცადე, როცა სანიტარულმა ინსპექციამ საოცარი სისასტიკით – თოფებით ამოხოცა მთელი უბნის ძაღლები. ახლა არც კატა მყავს, არც ძაღლი, რადგან ვიცი, რომ შვილები რამდენიმე დღე გაერთობიან და მერე ჩემი მოსავლელი გახდება, მე კი, დრო არ მაქვს. როცა სახლში ცხოველი მოგყავს, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ის სათამაშო არაა, რომელსაც მოეფერები და ცოტა ხანს გაერთობი, ცხოველიც ოჯახის სრულფასოვანი წევრია, რომელიც სხვებივით ზრუნვა და ყურადღება სჭირდება.

– თქვენი ჰობი კულინარიაა. რომელია ოჯახის საყვარელი კერძი?

– ძალიან ბევრ კერძს ვამზადებ და ყველა მოსწონთ, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ორაგული სარგებლობს, რომელსაც კრევეტების უგემრიელეს სოუსთან და ბრინჯთან ერთად ვაკეთებ.

– ალბათ სახლში როცა მიდიხართ, თქვენი მეუღლე სწრაფად გამოდის სამზარეულოდან

– სიმართლე ვთქვა, ჩემი მეუღლე საერთოდ არ შედის სამზარეულოში. რა თქმა უნდა, დალაგებაში მეხმარება, მაგრამ კერძებს ყოველთვის თვითონ ვამზადებ, რადგან თვითონ არც სურვილი აქვს, არც უცდია არასდროს, რაც ჩემთვისაც მოსახერხებელია, რადგან ძალიან არ მიყვარს, როცა სამზარეულოში ხელს მიშლიან.

– რა პროფესიისა თქვენი მეუღლე?

– საერთოდ ინგლისურის სპეციალისტია, მაგრამ წლებია საგალერეო სფეროში საქმიანობს.

– რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?

– პირველ რიგში ჩვენი „გასტრონომიული ცხოვრება“ შეიცვალა, რადგან თუ მანამდე მხოლოდ დასვენების დღეებში ვამზადებდი კერძებს, იზოლაციის პერიოდში ყოველდღე თვითონ მომიწია სადილის კეთება.

– ცხოვრებისეულ ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

– ძალიან გამიჭირდება ერთი ისტორიის გახსენება, რადგან სხვების მსგავსად მეც უამრავი ისტორია მაქვს, რადგან სინამდვილეში, ცხოვრება სწორედ ისტორიების ნაკრებია. ძალიან საინტერსო ცხოვრება მაქვს, არასდროს ვნანობ და ყველაფერი მაკმაყოფილებს. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი, საინტერესო მშობლები, არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს და თავის დროზე Soft Eject-ში ვმუზიცირებდი, სადაც საუკეთესო მეგობრები შევიძინე. დარწმუნებული ვარ, მუსიკის კეთება Soft Eject-ის გარეშე ვერასდროს მომიტანდა იმ სიამოვნებას, რომელსაც მაშინ ვგრძნობდი.

– ჯგუფის აღდგენას ხომ არ გეგმავთ?

– მცდელობა გვქონდა. რამდენიმე კონცერტი გავმართეთ, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით მოტივაცია გვქონდა ნაკლები. ვფიქრობ, რაიმეს კეთება თუ გინდა, აუცილებლად მიზანი უნდა გქონდეს, ჩვენ კი, დიდი ხანია მუსიკალური მიზნები აღარ გვაქვს. აუცილებლად ჩავწერთ რაიმეს სურვილი თუ გაგვიჩნდა, მუდმივად მუზიცირების ხალისი კი ნამდვილად აღარ გვაქვს. ძალიან მეცინება, როცა ქართულ შოუბიზნესზე საუბრობენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი – პოლიტიკაა. საზოგადოება სწორედ პოლიტიკოსებს იცნობს, მათ ხედავს მუდმივად ეკრანზე და არა მსახიობებს, მუსიკოსებს ან სპორტსმენებს. სამწუხაროდ, პანდემიამ ისიც გაანადგურა, რაც მანამედ იყო. თუმცა ქართული შოუბიზნესი მანამდეც კორპორატიულ წვეულებას უფრო ჰგავდა, რადგან მოქმედი ხელისუფლებები მხოლოდ 20-მდე მუსიკოსს, კოლექტივს სწყალობენ, ყველა კონცერტზე მათ იწვევენ და ჰონორარიც მხოლოდ მათ აქვთ. ზოგადად,  შოუბიზნესის გამართვას სოლიდური თანხა  სჭირდება, საქართველო კი, პატარა და მშიერი ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ სფეროშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს.

– პირველი სიმღერა სამი წლისამ შეასრულეთ. ხომ ვერ გაიხსენებთ რა იმღერეთ?

– თვითონ ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ამბობენ, რომ პირევლი სიმღერა „როცა ჩაქრება ჭადრებში“ იყო. ტელევიზიაში პირველად ხუთი წლის ასაკში მოვხვდი, საბავშვო ბაღში მომისმინეს, ორ გოგონასთან ერთად წამიყვანეს და „იაო, უაო ბებიასთან მივდივარ“ მამღერეს. ძალიან მინდოდა ჩანაწერის ნახვა, თუმცა ვერ შევძელი არქივში მოძიება.

– Soft Eject-ის რეპერტუარიდან რომელ კომპოზიციას გამოარჩევდით?

– მართალია, Please Just Carry On დღემდე ყველაზე პოპულარული სიმღერაა, მაგრამ მე I’m On My Way უფრო მიყვარს, სწორედ ამ კომპოზიციაზე გვინდოდა კლიპის გადაღება, თუმცა ძალიან ხარჯიანი აღმოჩნდა და ამიტომ, სიმღერაზე Please Just Carry On შევუდექით მუშაობას. კლიპი ქუცნა ამირეჯიბთან ერთად ჩავიფიქრეთ, ფირი კი, ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა გვაჩუქა, მუშაობა დავიწყეთ, თუმცა ნამდვილად არ გვეგონა, რომ სიმღერა ჰიტი გახდებოდა.

– განვლილ ცხოვრებაზე ფიქრისას, რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?

– არასდროს მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენმა თაობა არ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო. თითქოს პასუხისმგებლობას გავექეცით საკუთარი ქვეყნის წინაშე, არადა ოდესმე პასუხი ხომ უნდა გავცეთ შვილებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში სულ იმას ვამბობდით, რომ დაპყრობილები ვიყავით, მაგრამ განთავისუფლებულებმა რა გავაკეთეთ?! 30 წელი გავიდა და ზოგჯერ ძალიან მეუხერხულება ამ წლების გახსენება. ძალიან უაზროდ დავკარგეთ დრო, არადა თავისუფლად შეგვეძლო ბევრად უკეთესი ქვეყნის აშენება. მთელი 30 წელი ქართულად ვიცხოვრეთ, ყველაფერზე „არაუშავს“ ვიძახეთ, რადგან სინამდვილეში სწორედ „არაუშავს ქვეყანა“ ვართ, თან ყველაფერზე წუწუნი გვიყვარს. მხოლოდ სხვას არ ვაკრიტიკებ, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, რადგან თვითონაც მეტის გაკეთება შემეძლო, თუმცა მედიცინაში. ძალიან მარტივია დააბრალო ყველაფერი გარემოს, ცუდ პირობებს, მაგრამ მაშინ რა საჭიროა გონება?!

– შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამთ საკუთარ თავს?

– ვცდილობ მაქსიმალურად კრიტიკული ვიყო საკუთარ თავის მიმართ. მუდმივად ერთი კითხვა მაქვს – გავაკეთე თუ არა მაქსიმუმი და შეიძლებოდა თუ არა მეტის გაკეთება.

– გაქვთ თუ არა საიდუმლო, რომელსაც არავის უმხელთ?

– განსაკუთრებული საიდუმლო ნამდვილად არ მაქვს.

– გამონათქვამი, რომელიც ყველაზე ზუსტად ერგება თქვენს ცხოვრებას?

– ძალიან ბევრია, თუმცა მთავარი ალბათ მაინც Memento mori („გახსოვდეს სიკვდილი“).

– როგორ წარმოგედგინათ საკუთარი თავი ბავშვობაში და რამდენად გაამართლეთ ბავშვობის იმედები?

– თავიდან ცნობილ მუსიკოსობას ვნატრობდი, მერე საუკეთესო ნეიროქირურგობა მინდოდა, რათა მამისთვის დამემტკიცებინა, რომ მეც მეთქმოდა სიტყვა ნეიროქირურგიაში. თუმცა, მაინც ვერ გავუმართლე საკუთარ თავს იმედები, რადგან ბევრად მეტის გაკეთება მინდოდა. მაგალითად, ჯონ ლენონობა მინდოდა, მაგრამ მხოლოდ „პეჩოთი“ მომიწია დაკმაყოფილება.

– რას ვერ გაბედავთ თვითონ და რის მოსინჯვას ურჩევთ სხვას?

– ყოველთვის იმის გაკეთებას ვცდილობდი, რისიც მეშინოდა, რათა შიში დამეძლია. სხვას კი, პარაშუტით გადმოხტომას ვურჩევდი, რადგან თვითონ ვნატრობდი, თუმცა ვერ შევძელი.

– რა მთავარი თვისებით განსახვავებთ კარგ ადამიანს ცუდისგან?

– არ ვიცი, ალბათ კარგ ადამიანს ერთი შეხედვით ეტყობა, რომ კარგია. საკმაოდ მიმნდობი ვარ. მირჩევნია მტერს ვენდო, ვიდრე მეგობარში დავეჭვდე. ამიტომ, არასდროს ვიწყებ ადამიანთან ურთიერთობას ეჭვით „ნეტავ, რას ფიქრობს სინამდვილეში“,  რადგან თვითონ ძალიან არ მესიამოვნება თუ ახალ გაცნობილი ადამიანი ჯოთუ ეჭვით შემხედავს. საერთოდ ნათქვამია, რომ „ზუსტად ისე უნდა მოექცე სხვას, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ“.

– საკუთარ მეუღლეზე თუ გიეჭვიანიათ ოდესმე?

– არა. ზოგადად, ეჭვიანობა ძალიან ცუდი თვისებაა და ძალიან მეცოდებიან ეჭვიანი ადამიანები, რადგან სულ რაღაცით იტანჯებიან.

– რამდენი წელია დაქორწინებული ხართ და ქორწინების თარიღი თუ გახსოვთ?

– 24 თებერვალს ჩვენს ქორწინებას 31 წელი შეუსრულდება.

– რას ელით მომავლისგან?

– შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოსწორდება და მეტ-ნაკლებად მაინც დავემსგავსებით ნორმალურ ქვეყანას. მოუთმენლად ველი იმ პერიოდს, როცა ერეკლეს ცურვას ვასწავლი და თხილამურებზეც მასთან ერთად დავდგები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები