რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროექტ „SPARKS“ -ის საკონცერტო სერიის მენეჯერი, საკო ინწკირველი და მომღერალი გიორგი ძოწენიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც 28 აპრილს დაგეგმილ ჯგუფ „ურსას“ კონცერტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მოგვიყევით 28 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე, როგორია სამზადისი?
საკო: 28 აპრილს, 20:00 საათზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ საოცარ სივრცეში, „რუსთაველის ეროვნულ თეატრში“ ვუმასპინძლოთ მსმენელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვუმასპინძლებთ მათ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კომპანიის გზას, რომელიც ხარისხიან, მუსიკალურ საღამოებს გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში, ამ გზას მიჰყვება „ურსას“ შემოქმედებაც. თითოეული კონცერტი აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, არის კარგად ორგანიზებული, ხარისხიანი, სასიამოვნო ცოცხალი შესრულება და კონცერტზე მოსული ადამიანი ყოველთვის იღებს სიამოვნებას.

გიორგი, „სიყვარულის განდაგანა“ არის ნამუშევარი, რომელიც მოსმენის დღიდან ძალიან შეიყვარა მსმენელმა, არ არსებობს საღამო, კონცერტი, რომ მისი შესრულება არ მოითხოვონ. როგორია აღნიშნული სიმღერის შექმნის ისტორია და როგორ ფიქრობ, რა არის შენი და „ურსას“ წარმატების ფორმულა?
გიორგი: პირველ რიგში, დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა, რომ როცა ჩვენს შემოქმედებაზე ასე საუბრობენ. ჩვენი წარმატების საიდუმლო, რა თქმა უნდა, მუსიკაში არის, მაგრამ ჩვენი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო არის, ჩვენ რომ ერთმანეთი გვყავს. ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, რომ საქმეზე, მუსიკაზე, ყველაფერზე ვთქვათ უარი ერთმანეთის გულისთვის. ჩვენთვის არ არსებობს არანაირი კომპრომისი, თუ ერთმანეთი არ გვყავს კომფორტულად. ჩვენ თუ ერთმანეთი კომფორტულად გვყავს, თუ ყველას აზრს ვითვალისწინებთ და ვიაზრებთ, მაშინ ამ შემთხვევაში, საქმესაც ვაკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი 15 წლიანი შრომის ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავაძლიერეთ და ყოველდღიურად ვაძლიერებთ. მუსიკა ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, პირველ რიგში არის ერთმანეთთან ურთიერთობა და ოჯახი.
„სიყვარულის განდაგანა“ ეს არის ჩვენი დაწერილი სიმღერა. ჩვენმა გიტარისტმა, ლევან ფერაძემ მოიტანა არაჩვეულებრივი მელოდია, რაზეც ჩვენ ერთად შევქმენით ეს სიმღერა. ამ სიმღერის ტექსტი შექმნილია გიორგი გილიგაშვილის და ნინო ფერაძის მიერ. სხვათა შორის, ჯგუფში თავიდან დიდ მოწონებას არ იმსახურებდა ეს სიმღერა, ასე ვთქვათ, ძლივძლივობით გავიტანეთ რამდენიმე ჯგუფის წევრმა, რომ ეს სიმღერა ჩაგვეწერა. ცოტა სარისკო სიმღერა იყო. მანამდე ხომ „მინდა ფრთები გავშალო“ იყო და ის ძალიან გაპოპულარულდა და ამ სიმღერის შემდეგ, ხალხი ამბობდა, რომ შეიძლება, ეს „გაუვარდათ“ და სხვას ისეთს ვერაფერს გააკეთებენო და ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რომ შემდეგი სიმღერა კიდევ უფრო მაგარი ყოფილიყო და გავრისკეთ.
რაზე გითქვამს უარი, რაც მერე გინანია?
გიორგი: არაფერზე ისეთზე არ მითქვამს უარი, რაც მერე მინანია. უარი ყოველთვის მითქვამს ისეთ, რამეზე, რაც საპირწონედ იყო მუსიკასთან და „ურსასთან“ და ყოველთვის „ურსა“ ამირჩევია, ყოველთვის ამირჩევია ჩემი ჯგუფის წევრის აზრი, ჩემი ჯგუფის წევრის კარგად ყოფნა და კეთილგანწყობა და ეს ყველაზე მეტად ადგება საქმეს.
გაგიგია, თქვენს, ჯგუფის შესახებ რაიმე ისეთი, რაც ძალიან არ გესიამოვნა?
გიორგი: მუსიკალურად? ყველანაირად გამიგია… (იცინის). ყველანაირად გამიგია ისეთი რამ, რაც არ მესიამოვნა. ძალიან ბევრჯერ ვყოფილვართ ბულინგის მსხვერპლი, მეც, ჩემი ჯგუფის წევრებიც.

რეაქცია როგორი გაქვთ ხოლმე ასეთ დროს?
გიორგი: ჩვეულებრივი რეაქცია გვაქვს. თავიდან ცოტა რთული იყო ასეთი რაღაცების მოსმენა და წაკითხვა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ კომენტარების და შეფასებების 90 – 95 % დადებითია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალას გვაძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ კომენტარს დაწერენ თუ ცუდ კომენტარს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მე ნებისმიერი ადამიანისთვის მთელი გულით ვიმღერებ მაინც. სულ რომ გამლანძღოს, სულ რომ არ ვუყვარდე, ჩემთვის მიზანი მაინც იქნება, რომ მას რაღაც სითბო ჩავუღვარო გულში ჩემი პატარა ნამღერით, რომ რაღაც გავახსენო, გავაღიმო და მისთვის რაღაც შევცვალო, მინიმალური მაინც.
საკო, ვიცი, რომ ძალიან საინტერესო გეგმები გაქვთ, რაც ფორმატულად განსხვავებულ კონცერტების სერიას გულისხმობს. მოგვიყევი აღნიშნული ღონისძიებების შესახებ.
საკო: თითქმის არ გვაქვს წყვეტა და მუდმივად, ყოველთვიურად გვაქვს კონცერტები. 30 აპრილს და 1-ელ მაისს უცხოელ არტისტს ველოდებით, ასევე ვისაუბრეთ 28 აპრილის მნიშვნელოვან კონცერტზე, „ურსას“ შემოქმედებაზე. გვაქვს კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, მათ შორის, ფანტასტიკური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი 4 მაისს, „რუსთაველის თეატრში“ ბექა გოჩიაშვილის საღამო იქნება. ეს არის უწყვეტი, იმ გზას, რომელიც დავისახეთ და იმ გეგმას, რომ ჩვენი პროექტი იყოს საამაყო ქვეყნისთვის და პრესტიჟული იყოს თითოეული არტისტისთვის ჩვენს გვერდით ყოფნა, ამ გზას არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ.
აპრილის თვე სწორედ „ურსას“ შემოქმედებით გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკურად ჩაივლის და ჩვენთან მოსული მსმენელი არა მარტო კარგი შთაბეჭდილებით, არამედ იმ ემოციით წავა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით.
ჩვენ მაისსა და ივნისშიც ვაგრძელებთ სეზონს. შემდგომ, ივნისში დაიხურება სეზონი და შემოდგომიდან ახალი, განახლებული სერია გვექნება.
რას გვეტყვი ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე?
საკო: ბათუმში საოცარი სეზონი გვაქვს, ერთ-ერთი გამორჩეული. ბათუმის სერია ეს არის სასწაული, ყველაზე მეტად რითაც შეგვიძლია წელს ვიამაყოთ, ეს არის ერთ-ერთი დიდი შოუ „Polo & Pan“- ის.

გიორგი, ვისაუბროთ 28 აპრილს დაგეგმილი კონცერტის პროგრამაზე, თუ იქნება ახალი სიმღერების პრემიერები?
გიორგი: ძალიან კარგი სიურპრიზი ელოდება ჩვენს მსმენელს. 28 აპრილს, ჩვენთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს სიმებიანი კვარტეტი და კლავიში, ანუ დამატებით გვეყოლება კლავიში, ჩელო, ალტი და ორი ვიოლინო. ეს პროექტი ექსპერიმენტალური აღარ არის, რადგან ყველაზე პრეტენზიულ ხალხთან, ქუთაისის მსმენელთან გავტესტეთ და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ისეთი სითბო და სიყვარული გვაჩუქა ამ ხალხმა, რომ გადავწყვიტეთ, ეს პროექტი თბილისშიც აუცილებლად წარგვედგინა. ძალიან ლამაზი მოსასმენია ეს ყველაფერი. ჩვენი სიმღერები ვისაც უყვარს, დამერწმუნეთ, რომ ერთი ათჯერ უფრო კარგი მოსასმენია. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ამ პროექტის საშიშროება ყოფილიყო, იყო ის, რომ ჩვენი მთავარი ხიბლი, კონცერტის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან დიდი ენერგიაა სცენაზე და ფაქტობრივად, 3-4 კილომეტრს გავდივარ ხოლმე და მუსიკალური დინამიკაც ისე მიდის, რომ ძალიან დიდი ენერგია აქვს ამ კონცერტს და მეშინოდა, რომ ამ მუხტისთვის ხელი არ შეეშალა, მაგრამ პირიქით, იმდენად კარგად შეერწყა ამ ყველაფერს, რომ დამიჯერეთ და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
გიორგი, როგორია სამომავლო გეგმები, შემდეგი ნაბიჯი?
გიორგი: ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც გულისტკივილი გამოთქვა, რომ ბილეთი მათთვის ძვირია, მართლა ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მე თვითონ ბოდიშს ვუხდი ყველას, თუ ეს ვინმესთვის ძვირია, მაგრამ ვპირდები, რომ მათ ძალიან მალე მიეცემათ შესაძლებლობა და თბილისშიც და რეგიონებშიც იქნება კონცერტები, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება და ეს კონცერტებიც აუცილებლად ამ მინი ორკესტრით ჩატარდება.
გარდა ამისა, რიგში არის ბევრი სიმღერა, რომელიც ძალიან მალე გამოვა.