24 თებერვალი ირაკლის გარდაცვალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით გელა ჩარკვიანმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და მისი შვილის შემოქმედება გაიხსენა.
როგორც ჟურნალისტები, ისე ახლად გაცნობილი ცნობისმოყვარე ადამიანები ხშირად მეკითხებიან, ირაკლის სიმღერებიდან რომელი მომწონს ყველაზე მეტად. ირაკლის მართლაც ბევრი კარგი სიმღერა აქვს დაწერილი, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, საფორტეპიანო ტრიფტიქ „ირაკლიანას“ ვწერდი და მის ყველა დისკს მოვუსმინე. ნამდვილად არ არის ადვილი, ამოირჩიო საუკეთესო. საქმეს დამატებით კიდევ ის ართულებს, რომ ირაკლის სიმღერები არ არის სტილისტურად ჰომოგენური. იგი ორი ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებული ბუნების კომპოზიციებს ქმნიდა. პირველი – ძლიერი, ლამაზი მელოდიებია, რომლებსაც მსმენელი იმახსოვრებას და კიდევაც ღიღინებს თავისთვის. ასეთებია: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ისტორიას დარჩება“, „ორღანი 78“, „სულს მოგცემ“ და არაერთი სხვა. მეორე კი მინიმალისტური, გამიზნულად გულუბრყვილო, ან სულაც ბავშვურ-დადაისტური მრავალჯერ გამეორებული ფრაზები ან რეჩიტატივი, დასმული რთულ ტექნო-რიტმებზე. ამ კატეგორიას მიეკუთვნება: „შენ აფრენ“, „ომარას ძაღლი“, „აგრე რატომ მიყურებ?“. არის რამდენიმე ისეთიც, სადაც მან ერთდროულად გამოიყენა რეპიც, ტექნოც და ხარისხიანი მელოდიაც. ერთ-ერთი ამგვარია „სექსი“. ვიცოდი რა ირაკლის, როგორც მელოდისტის შესაძლებლობები, მე მას პირველი ტიპის, ანუ მელოდიური სიმღერების წერისაკენ ვუბიძგებდი. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა, რომ ირაკლიმ თავად უკეთ იცოდა, როდის რა უნდა ეწერა იმისათვის, რომ სრულად გამოეხატა თავისი რთული შინაგანი სამყარო. მის ლამაზ ჰიტებს შორის, როგორც ვთქვი, გამიჭირდება რომელიმე ერთის გამორჩევა, მაგრამ სპეციფიკურ გარემოებათა გამო, ზოგი სიმღერა ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ხოლმე.
2004 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩაქვში მივდიოდით. ქეთათომ გადმომცა მისი და ირაკლის ახლად გამოსული საერთო ნამუშევარი. როცა ჩაქვში ჩავედით და მოვისმინეთ სიმღერა „ხალხს“, უცნაური გრძნობა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ამ ფრაზით: „ჩვენ მხოლოდ ნოტებზე დავრჩებით, ხალხს არ მოვაბეზრებთ თავს“ – ირაკლი დედ-მამას რაღაც კოდირებულ მესიჯს გვიგზავნიდა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო უახლოეს მომავალში.
მას შემდეგ, რაც ყოველივე მართლაც მოხდა, სწორედ ეს სიმღერა იქცა ირაკლის სულთან დამაკავშირებელ ჩვენს ყველაზე მძლავრ მედიუმად. მახსოვს, ლონდონში, დასაძინებლად ისე არ წავიდოდი, იქ შეძენილ Yamaha-ზე რომ არ დამეკრა ეს თავისებურად სევდიანი მელოდია, რაღაც მისტიკური ძაფებით რომ მაკავშირებდა გარდაცვლილ შვილთან. იქვე შორიახლოს მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა.
https://www.facebook.com/1592421624327439/photos/a.1592724857630449/2321612914741636/?type=3&theater