საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტი დაიწყო.
მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებითაა ხელსაყრელი, მათ შორის, IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან.
მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Koç Holding-ი თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მას წამყვანი პოზიციები აქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობებით ენერგეტიკაში, საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტს ახორციელებს 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ. კომპანიაში დასაქმებულია 105 000 ადამიანი და მისი შემოსავალი თითქმის 35 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Koç Group-ი რამდენიმე სასტუმროს ფლობს.
