“ქართულმა ოცნებამ” ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.
როგორც სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, კამპანია 2024 წლის 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ძლიერი გამარჯვებით დასრულდება.
„დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ! მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას!
შესაბამისად, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება – ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის და ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის.
ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.