LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ…

148
20190305232610

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეხმიანება სიტყვებით – „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ…

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციასთან ერთად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ამბობს, რომ პარტია თავისი ლიდერით, ამ ოკუპაციის თანაავტორია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რუსული ოკუპაცია ქართული სახელმწიფოს სხეულზე მოუშუშებელი იარაა.

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია – რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია – ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია,“ – წერს ღარიბაშვილი.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ აგვისტოს ომში დაღუპულმა ჯარისკაცებმა საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რათა რუსეთის აგრესიას საკუთარი მიზნისთვის სწრაფად არ მიეღწია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხარჯზე სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოისუნთქა.

„ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა, არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

magti 5g