„ცალსახად პოზიტიური მისასალმებელია და ძალიან პოზიტიური მოვლენაა, პოზიტიური მესიჯებია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა.
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ
პრეზიდენტის ადმკინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ.
„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის, მათთვის – ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება მზად არის თვისებრივად ახალი ურთიერთობებისთვის აშშ-სთან, ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებისთვის“, – განაცხადა კირცხალიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკული მხარის მიერ იმის გაჟღერება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ მათ საქართველოსთან მიმართებით მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ.
„ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან გაჟღერდა, რომ მათ დახვდათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა არა უკვე ზოგადად – იმიტომ რომ მთელმა მსოფლიომ იცის, რა მემკვიდრეობა დახვდა ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ ახალ ადმინისტრაციას- არამედ, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. მთავარია ძალიან პოზიტიური და დადებითი ფაქტი. დანარჩენს დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება ორ ქვეყანას – ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, ურთიერთობები, როგორ აღდგება ის დაზიანებული ურთიერთობები, რომელიც დააზიანა წინა ადმინისტრაციამ, რაც, კიდევ ერთხელ, პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა.” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
