„2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს „ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს“:
„ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი. მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, მიზანი კი არის, რომ სიღარიბე ქვეყანაში 2028 წლისთვის მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს.
„ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი. კერძოდ, 2024 წელს 90 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი. 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1 100 000-ზე მეტიდან შემცირდა 350 000-მდე. რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია.
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350 000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი. ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% ჩვენს ქვეყანაში. პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2023 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11.8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი, 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტემპის გათვალისწინებით ეს შედეგი აბსოლუტურად მიღწევადია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.