„ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას“ – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან.
ირაკლი კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე კონკრეტული განაჩენი დამდგარია და „დანარჩენი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე“.
„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი, ერთი რამ – რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას და, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.
ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ მას კომუნიკაცია ჰქონდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე საუბარი არ ჰქონიათ.
„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
