„გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისთვის გაგზავნილ ღია წერილზე კომენტირების დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, „თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო“.
„ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ. ეს შეთავაზება არაერთგზის გავაჟღერეთ, მათ შორის გვქონდა კომუნიკაცია, ასევე მანამდე საჯარო განცხადებები მქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.
რეალურად, ძირითადად, იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მზად ვიქნებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, ღია წერილში, რომლითაც ირაკლი კობახიძემ 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა, კობახიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.