„ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა.
კობახიძემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
„ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის“ გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება, ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი რესურსები.
ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რომ რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.