LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც საიმედოობით იყო განთქმული, დღეს პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება, ამით ანგრევენ თვითონ შვეიცარიულ ბანკებს“

135
ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, დღეს პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს შორის დავის საკითხზე დასმული შეკითხვის სანაცვლოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს არცერთ შემთხვევაში არ დათმობს“.

„სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა მიხეილ სააკაშვილთან ყოველგვარ კომუნიკაციაზე. რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც შესაბამის სუბიექტებს არ დავეთანხმეთ და ამასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოექმნა ბატონ ივანიშვილსაც, როდესაც მის ანგარიშზე შვეიცარიულ ბანკში თანხები გაიყინა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური.

საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, ამასაც, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. იცით, რომ 2011 წელს ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად. ყველაფერი გვერდზე გადადო იმის გამო, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის. ასე იყო 2022 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, შანტაჟი. არც ერთ ეტაპზე არც კი უფიქრია ვინმეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებასთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ცალსახად ეს არის პოლიტიკური შანტაჟი.

სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ რეალურად თვითონ შვეიცარიულ ბანკებს.

მაგალითად Credit Suisse-ის აქციების ფასი 100-ჯერ და მეტადაა გაუფასურებული. თავის დროზე თუ Credit Suisse-ის აქციის ფასი 80 ფრანკი იყო, დღეს 1 ფრანკსაა ჩამოცილებული. ამით სარგებლობენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც იაფად ყიდულობენ შესაბამის აქციებს. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კოორდინაციის შედეგი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g