„როგორც მაშინ ჰქონდა იმ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ამ რეზოლუციებს ახლაც ჩალის ფასი აქვს, უფრო მეტიც, ჩალის ფასი არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარი სიმართლეა“, – ასე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, „ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც 2022 წელს ხდებოდა“.
„მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ამისთვის ისინი ნეგატიურ ფონს ქმნიდნენ, საზოგადოებას აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ.
მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო, მათ შორის, დამნაშავეების გათავისუფლებაზე, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე.
ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ, საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო, თუმცა გახსოვთ, რომ ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდებად დარჩა, ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ყველაფერი არის მარტივი „დეჟა ვუ“ და ამ ყველაფრის გამეორება. როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს გათვლა აქვთ იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტმა რეზოლუცია 25 აპრილს მიიღო. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.