„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მთავარ არხსა“ და კომპანია IPSOS-ს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ე.წ. იაღლიში გაეპარა, როდესაც რეალური მონაცემი IPSOS-მა ვებ-გვერდზე ატვირთა და წინა დღეს გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნა „მთავარმა არხმა“. კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ეს გახდა IPSOS-სა და ტელეკომპანია “მთავარ არხს“ შორის გარკვეული კონფლიქტის თუ „კონფლიქტის სიმულაციის“ საფუძველი. მისივე თქმით, ამის შემდეგ, „მთავარ არხს“ გადაწყობა მოუწია და ახლა ეგზიტპოლს კომპანია “ანოვა“ ატარებს.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზიები სასოწარკვეთასა და ისტერიკაში არიან გადავარდნილები.
„როდესაც ასე, ერთ დღეში გადაწყობას ცდილობ, რეალურად კი განზრახული გაქვს ციფრების ისე დაჭრა, როგორც მანამდე აკეთებდი, ასეთი ხარვეზები იპარება. აქედან გამომდინარე, გაურკვევლობაში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც „ანოვას“ სახელით ატარებენ კვლევებს“, – განაცხადა კობახიძემ.