მწერალი ირაკლი ლომოური იმ პრობლემის შესახებ წერს, რომელიც უნარშეზღუდულ პირებს საქართველოში ექმნებათ. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს, იმ შემთხვევაში, თუკი მუშაობას იწყებენ, სახელმწიფო პენსია ეხსნებათ…
„უშპიც ადამიანია!
მიეცით უშპს შრომის უფლება!
ნუ წაართმევთ უშპს პენსიას!
ცნობისათვის – უშპი აბრევიატურაა, შემდეგნაირად იშიფრება: „უნარშეზღუდული პირი“ („ინვალიდი“ ამ ბოლო დროს არაპოლიტკორექტულ ტერმინად მიიჩნევა რატომღაც, ჰოდა, მეც სიმოკლისთვის მოვიფიქრე ზემოსხენებული აბრევიატურა)
თავად გახლავარ უშპი და ვიცი, რასაც ვწერ – საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი.
საქმე კი ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მეორე ჯგუფის ინვალიდს არ აქვს უფლება, იმუშაოს საჯარო სამსახურში და, იმავდროულად, პენსიაც მიიღოს. თუ იწყებს მუშაობას, ვალდებულია, 2 კვირის განმავლობაში ეახლოს სოციალურ სააგენტოს და დაწეროს თხოვნა, პენსია რომ მოუხსნან. თუ ამას არ გააკეთებს, თავისით მოუხსნიან (კომპიუტერულ ქსელში ფიქსირდება, რომ სამსახური დაიწყო). მოკლედ, ან პენსია უნდა აიღოს, ან ხელფასი. პენსია კი 100 ლარი აქვს. ეტყობა, სახელმწიფოს ჰგონია, უშპს მოთხოვნილებებიც შეზღუდული აქვს, რადგან უნარშეზღუდულია, და იმდენი არ სჭირდება, რამდენიც ასაკით პენსიონერს. ინვალიდებს პენსიას არ უზრდიან ისევე, როგორ ასაკით პენსიონერებს – ახსნა კი ის არის, რომ, თურმე, სახელმწიფოს საამისოდ სახსრები არ ჰყოფნის (ჩემი ყურით მოვისმინე ამას წინათ რადიოში).
„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერაც გამიფორმეს დროებითი ხელშეკრულება (ერთთვიანი თუ სამთვიანი – ხან მაქვს ეს კონტრაქტი და ხან – არა), იმდენჯერ მომიხსნეს პენსია. და თუ უკვე აღებული მქონდა იმ თვის პენსია, მერე დამიქვითეს, როდესაც აღმიდგინეს (20-20 ლარს ქვითავენ).
ხელისუფლებავ, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, როგორ გგონია, შეუძლია თუ არა უშპს, ანუ ინვალიდობის მეორე ჯგუფის მქონე პენსიონერს, იცხოვროს თვეში 100 ლარად? ეს ხომ საარსებო მინიმუმიც არ არის! მაშინ, რატომ ართმევ მუშაობის უფლებას? და რატომ ართმევ მიზერულ პენსიას? ეკონომიას უშპებზე აკეთებ???
რიგითი მოქალაქეები რაც უფრო აქტიურები ვიქნებით სოციალურად, მით უფრო მალე დაემსგავსება ჩვენი ქვეყანა ევროპას – სწორედ ამიტომ გადავწყვიტე,დამეწერა უშპების გასაჭირის შესახებ.
საბურთალოს რაიონის დეპუტატს, პარლამენტის წევრს, ეს მიმართვა შეუძლია ჩათვალოს რიგითი მოქალაქის, უშპ ირაკლი ლომოურის საკანონმდებლო ინიციატივად და ოფიციალურ თხოვნად (კინაღან დავწერე – კატეგორიულ მოთხოვნად), რათა პარლამენტში განხილულ იქნას ზემორე საკითხი და კანონის დონეზე გამოსწორდეს არსებული უსამართლობა.
ნუ დაჩაგრავ უშპს!
უშპიც ადამიანია!“ – აღნიშნავს ირაკლი ლომოური მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
