LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მახარაძეს ინტერესის ობიექტი ჰყავს: „ჩვენს ურთიერთობას ძალიან საინტერესო დასაწყისი ჰქონდა. ეს პროექტის შემდეგ მოხდა…“

49
ირაკლი-მახარაძე

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია ირაკლი მახარაძე. „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებულმა  წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის ყველა შეკითხვას გულწრფელად უპასუხა.

როგორია პოპულარობა „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ?

მე არ ვიყავი სოციალურად აქტიური, არ მყავდა გამომწერები, ვმუშაობდი სტაბილურად. იდეა გაჩნდა უეცრად. მანამდე არც ვიფიქრებდი, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მინდა მსმენელმა იცოდეს, რომ ძალიან კარგია, რომ ეს გავაკეთე. კომფორტის ზონიდან გამოვედი, ამ 4 თვეში მე პიროვნულადაც გავიზარდე, ძალიან რთული იყო ყოველივე ეს, 4 თვე ისე გავიდა, როგორც 4 წელი.

შენი აზრით, რატომ აგარჩიეს მაინცდამაინც შენ?

სხვათა შორის, ეს მეც ვიკითხე. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ამოვარდნილი იმ გარემოდან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ იმას კი გეტყვით, ვარ საკმაოდ კონკურენტული და ვარ გულწრფელი, ალბათ, ამ ყველაფერმა გადაწონა.  მეგობრების რჩევითა და მათი მხარდაჭერით გავაკეთე ყოველივე, თუმცა თავიდან, ბუნებრივი გამიჭირდა, არ მქონდა კამერებთან მუშაობის გამოცდილება. პაატამ უზარმაზარი დახმარება გამიწია. ის სწორი მიმართულებით მეხმარებოდა.

იყო ფლირტი, რომანები…

კი ასე იყო, საკმაოდ ბევრი სასიყვარულო რომანი იყო პროექტში. ეს ბუნებრივიცაა, დახურულ სივრცეში ასეც ხდება ხოლმე, თანაც, მაყურებელს მოსწონს და აინტერესებს მსგავსი რაღაცები. ჩემი პირველი ფლირტი ქრისტისთან იყო, ეს ღიად ვთქვი, უბრალოდ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ თემაზე ასე „ჩამაჭერდნენ“. შემდეგ მივხვდი, რომ არ მჭირდებოდა ვინმესთან ყოფნა და მარტოც შემეძლო ყველაფერი. არ მიყვარს ადამიანების გამოყენება. პროექტში შესვლიდან ძალიან მალე, დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტი გავხდი. რამდენჯერმე ვიფიქრე, რომ პროექტი დამეტოვებინა, თუმცა ბოლომდე ბრძოლა გადავწყვიტე. მეგობრები და ოჯახის წევრები მხარში მედგნენ, თუმცა თავდაპირველად დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩემი ამ პროექტში შესვლისა.

როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება პროექტის შემდეგ?

ძალიან ემოციურია ის მომენტი, როცა ქუჩაში ადამიანები გეგებებიან და გეხუტებიან. ასეთი უკვე უამრავი შემთხვევა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რისიც საოცრად მადლიერი ვარ. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ვცდილობ, თითოეულ მათგანს ვუპასუხო, მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა შემმატა, თუმცა ამბიციები არ გამჩენია. „რუსთავი 2“-ში დავიწყე მუშაობა, ძალიან კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ამ შემოთავაზებას უსიტყვოდ დავთანხმდი. უკვე 4 გადაცემა მქონდა, ვცდილობ, რომ არც ზედმეტად აქტიური ვიყო, არც პასიური, ოქროს შუალედის დაჭერა მინდა.

რა ხდება პირად ფრონტზე?

მუდამ ვცდილობ, ამაზე მქონდეს პასუხი, მაგრამ პასუხის გაცემა არ მინდა ხოლმე. კი, არსებობს ასეთი ობიექტი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენს ურთიერთობას ძალიან საინტერესო დასაწყისი ჰქონდა. ეს პროექტის შემდეგ მოხდა. ვინც სოციალურ მედიაში მადევნებს თვალს, მიხვდება, ვისზეც მაქვს საუბარი. იმედია, ყველაფერი გამოვა, იმიტომ, რომ უკვე არც თუ ისე პატარა ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები