LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი თოდუა: „პროფესიონალიზმის გარეშე ვერც ექიმი იგრძნობს თავს კომფორტულკად და ვერც პაციენტი”

46

12 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა“ ქირურგი ირაკლი თოდუა სტუმრობდა.

საფრანგეთში განათლების მიღების და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ბატონი ირაკლი საქართველოში დაბრუნდა და ფრიდონ თოდუას კლინიკაში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი, მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის „ინოვას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. დღეს ბატონი ირაკლი ონკო-გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობს და უნიკალურ პლასტიკურ და გინეკოლოგიურ ოპერაციებს აკეთებს.

– ბატონო ირაკლი, როგორ დაარსდა კლინიკა „ინოვა“ და როგორ შეიკრა პროფესიონალთა გუნდი?

– სწორად აღნიშნეთ, მთავარი მართლაც გუნდის შეკვრა იყო, ანუ ჯერ სპეციალისტების ბირთვი ჩამოყალიბდა, მერე კი, სწორედ ამ ბირთვმა და კოლეგიალობამ განაპირობა კლინიკის დაარსება. პრინციპში იდეა არც განსაკუთრებული იყო, არც ორიგინალური, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ანუ იქ სადაც მედიცინას სათანადო ადგილი უჭირავს, ექიმები ყოველთვის თვითონ ახერხებენ შრომის ორგანიზებას და საკუთარი თავის მარჩენალებიც არიან და საზოგადოების სასარგებლო საქმესაც აკეთებენ. ამგვარი წამოწყება წლების წინ იყო უცხო საქართველოსთვის, თორემ დღეს მედიკოსები სულ უფრო აქტიურდებიან, თვითონ ქმნიან ჯგუფებს და აფუძნებენ კლინიკებს.

– უამრავი კლინიკა გაიხსნა თბილისში ბოლო წლებში და კონკურენციაც  საკმაოდ მაღალია ამ სფეროში. რა უპირატესობა აქვს „ინოვას“  კონკურენტებთან შედარებით?

– ჩვენი მთავარი უპირატესობა მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება და მაღალი სტანდარტებია. სხვათაშორის, კონკურენციაც სწორედ ამ სამი მცნების გარშემო ტრიალებს და ის, ვისაც უკეთ შეუძლია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, უპირატესობაც სწორედ მას აქვს. ყველა სფეროში ასეა და როცა კონკურენციაზეა საუბარი, არც მედიცინაა გამონაკლისი. ჩვენს კლინიკაში ყველა მიმართულებას თავისი ლიდერი ჰყავს, რომელსაც რეპუტაცია და საკმაოდ სოლიდური წონა აქვს სამედიცინო საზოგადოებაში, ანუ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კლინიკა „ინოვაში“ „ბრენდები“ მუშაობენ მთელი თავისი ცოდნითა და გამოცდილებით.

– თქვენი აზრით, რა არის ქართული მედიცინის სუსტი წერტილი?

– სხვა დარგების მსგავსად, მედიცინასაც სჭირდება განვითარება.  მართალია, ბევრი კეთდება, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ნამდვილად ვერ დავიმალებით და ვერ ვიტყვით, რომ ქართულ მედიცინაში ყველაფერი წესრიგშია. ვფიქრობ, პირველ რიგში მკურნალობის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რაც არა ფუფუნებას და გრანდიოზული კლინიკებს, არამედ მაღალი – მთელ მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით მკურნალობას გულისხმობს ძვირადღირებული აპარატურით და ამ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილების მქონე უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დღეს სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია და სწორედ მაღალი დონის ექიმების არარსებობაა ჩვენი მთავარი პრობლემა.

– საკმაოდ ხშირად აწყობთ კონფერენციებს უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, რამდენად აქტიურობენ სტუდენტები და თქვენი აზრით, როგორია ახალგაზრდა თაობის პოტენციალი?

– ზოგადად, მედიცინა თაობათა მონაცვლეობაზეა აგებული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ კავშირის დაკარგვა. მართალია, „ინოვა“ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ექვსი საერთასორისო კონფერენციის მოწყობა გინეკოლოგიაში მაინც მოვასწარით. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის სტუდენტებისთვისაც, მაგრამ  შეხვედრები მეტწილად მაინც სპეციალისტებზეა ორიენტირებული და პედაგოგიური დატვირთვა ნაკლებად აქვს, თუმცა სამომავლოდ ამგვარი კონფერენციების ორგანიზებასაც ვგეგმავთ.

– ახლო მომავალში ხომ არ აპირებთ მორიგი კონფერენციის გამართვას?

– რიგით მეოთხე კონფერენცია, რომელსაც ტრადიციული ფორმატი ექნება, სულ რამდენიმე დღეში – 16-17 ივნისს  გაიმართება.

– რატომ გადაწყვიტეთ საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნება?

– უცნაურია, მაგრამ არავინ მეკითხება რატომ გადავწყვიტე საფრანგეთში წასვლა. ზოგადი სამედიცინო განათლება საქართველოში მივიღე, თუმცა იმ პერიოდში სერიოზული კრიზისი იყო არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ მთელ ქვეყანაში. იძულებული გავხდი გადამეწყვიტა  – გამეგრძელებინა ექიმის კარიერა თუ დამენებებინა თავი და სხვა პროფესია ამერჩია. საბედნიეროდ, გამიმართლა და საფრანგეთში გავემგზავრე, 10 წლის შემდეგ კი, უკან დავბრუნდი, რადგან არასდროს მიფიქრია სამუდამოდ საზღვარგარეთ დარჩენა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ექიმის პროფესია?

– პროფესია ჩემი ნაწილია, რომელმაც პიროვნებად ჩამომაყალიბა, გამზარდა და ცხოვრების დიდ ნაწილად იქცა, თუმცა სხვა ბევრი გატაცებაც მაქვს.

– მედიცინის გარდა, კიდევ რომელ სფეროში ხედვათ საკუთარ თავს?

– იმდენად ღრმად ვარ მედიცინაში ჩართული, რომ სხვა სფეროში საკუთარი თავი ვერც წარმომიდგენია.

– უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად ხშირად ხვდებით წარმატებულ ქალ ქირურგებს?

– საკმაოდ ბევრ წარმატებულ ქალ ქირურგს ვიცნობ განსაკუთრებით გინეკოლოგიაში. ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს, მთავარია სპეციალისტი იყოს კარგი.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ქირურგს?

– რთულია ერთ ფრაზაში ყველაფრის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, ქირურგი აუცილებლად კეთილსინდისიერი უნდა იყოს პირველ რიგში საკუთარი თავის, რა თქმა უნდა, პაციენტის და პროფესიის წინაშე.

– გაქვთ თუ არა ჰობი, რამდენადაც ვიცი, ძალიან გიყვართ თევზაობა და ნადირობა. საინტერესოა, როგორ ახერხებთ დასვენებას ამგვარი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე?

– დასვენებას უიკ-ენდებსა და შვებულების დროს ვახერხებ. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად დროის გატარება.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს ტოვებთ სახლს?

– რა თქმა უნდა, ტელეფონი.

– როგორია ექიმის პაციენტთან ურთიერთობის ეტიკეტი?

– მთავრი ადამიანური ურთიერთობაა, პაციენტი აუცილებლად უნდა გრძნობდეს ექიმის კეთილგანწყობას.

– რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?

– ექიმების ოჯახიდან ვარ და ბავშვობიდან ამ პროფესიით ვიყავი გატაცებული.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, რადგან ნატურიდან გამომდინარე, ყოველთვის სწრაფად მირჩევნია გადაწყვეტა.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „გამარჯობა!“

– რა სიტყვებით აშვიდებთ აღელვებულ პაციენტს?

– „ყველაფრი კარგად იქნება!“

– რა სლოგანი აქვს „ინოვას“?

– „იყავი მშვიდად!“

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ძალიან მიყვარს ხორცის კერძების მომზადება.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– იარაღის კოლექცია მაქვს.

– როგორ იწყება თქვენი დღე – ფინჯანი ყავით თუ ჩაით?

– დილას ყოველთვის ჩაის ვსვამ.

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სად გირჩევნიათ დასვენება აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– დასვენება მეგობრებთან ერთად მიყვარს.

– ფურცელი და ფანქარი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს დავხატავდი ღრუბლებში.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს რათა გახდეს წარმატებული?

– მედიცინაზე თუ ვისაუბრებთ, მთავარი პროფესიონალიზმია, რადგან პროფესიონალიზმის გარეშე ვერც ექიმი იგრძნობს თავს კომფორტულკად, ვერც პაციენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები