LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის“ – რა ვითარებაა ისრაელში ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, რას ამბობს ისრაელის პრემიერი და ირანის პრეზიდენტი – რა გამოხმაურება მოჰყვა იერიშს ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან

179
ისრაელი

„ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიოს ნათელი ძალები“ თეირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის გვერდით დადგნენ.

„არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო ტირანიასა და თავისუფლებას შორის, კურთხევასა და წყევლას შორის”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

განცხადება გაავრცელა ირანის პრეზიდენტმაც:

„ირანსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით, კანონიერი უფლების საფუძველზე, შესაბამისი პასუხი გაეცა სიონისტური რეჟიმის აგრესიას, – დაწერა მასუდ ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.

„ეს ქმედება ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ ის მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ძალის მხოლოდ ნაწილია. არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ირანთან“, – წერს ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი.

ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეები ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გმობენ.

ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას, ირანის შეტევა, როგორც ჩანს, დამარცხებული და არაეფექტურია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების დასტური და ასევე შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ინტენსიური დაგეგმვის დასტური თავხედური თავდასხმის განჭვრეტისა და თავდაცვის მიზნით“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელს.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას, შეერთებული შტატები სრულად, სრულად, სრულად უჭერს მხარს ისრაელს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ირანი არის დესტაბილიზაციის გამომწვევი, საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს, – ამის შესახებ კი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ადევნებდა თვალს ისრაელზე თავდასხმას და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისრაელს ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაში დახმარებოდნენ.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაცემულ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებისთვის, ჩამოეგდოთ ირანული რაკეტები, რომელთა სამიზნე ისრაელი იყო, ისევე როგორც ეს აპრილში გავაკეთეთ“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

მისი თქმით, ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ერთგულება ურყევია.

„პირველადი მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ ისრაელმა ჩვენი დახმარებით შეძლო ამ შეტევის დამარცხება. ჩვენი ერთობლივი თავდაცვა იყო ეფექტური და ამ ოპერაციამ და წარმატებულმა თანამშრომლობამ გადაარჩინა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია“, – აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ირანი საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის არ წარმოადგენს.

„ირანი საფრთხეს არ წარმოადგენს მხოლოდ ისრაელისთვის. ირანი ასევე საფრთხეს უქმნის ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს რეგიონში, ამერიკის ინტერესებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას მთელს რეგიონში, რომლებიც იტანჯებიან ირანში დაფუძნებული და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტი მარიონეტების ხელში“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ძალები მობილიზებულები არიან ახლო აღმოსავლეთში, რათა აჩვენონ მისი ქვეყნის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.

მან ასევე პირობა დადო, რომ მოაწყობს კონფერენციას ლიბანელი ხალხისა და მისი ინსტიტუტების მხარდასაჭერად და ისრაელს იქ ოპერაციების რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ მოუწოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გააკრიტიკა ირანის ქმედებები, რომელიც, მისი თქმით, მიუღებელია. ამასთან, მან ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან სიტუაციის განმუხტვის და მისი სრულ ომში გადაზრდის თავიდან აცილების მიზნით“, – განუცხადა შიგერუ იშიბამ ჟურნალისტებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა ირანის სარაკეტო თავდასხმას საშიში ესკალაციას უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი შემდგომი საბრძოლო მოქმედებები საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.

მისი თქმით, მისი თქმით, საჭიროა რეგიონში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

„ევროკავშირი რეგიონული ომის თავიდან აცილებაში წვლილის შეტანის ერთგული რჩება​​​​​​​​​​​​​​​​“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g