ეთნოჯაზ ბენდ „ირიაოს“ დისკი საქართველოშიც ჩამოვიდა. დავით მალაზონიას მიერ შექმნილი თუ ინტეპრეტირებული მელოდიები, რომლებიც ჯაზისა და ქართული ფოლკის სინთეზზეა დაფუძნებული, პოლონეთში, ანალოგსტუდიაში ჩაიწერა, 24-არხიან ლენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდიაში, სადაც ქართული ჯგუფის კომპოზიციები ჩაიწერეს, კომპიუტერს საერთოდ არ იყენებენ…
დისკმა 11 კომპოზიცია გააერთიანა, მათ შორის არის ჯგუფის მიერ ახლებურად დანახული დეივ ბრუბეკის ცნობილი მელოდია Take Five.
ჯგუფი ორ წელზე მეტია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში პრესტიჟული ჯაზფესტივალების სტუმარია მსოფლიოში, მათ შორის მცირე ხნის წინ ისინი იმყოფებოდნენ ჯავა ჯაზფესტივალზე, ეს უკანასკნელი მსოფლიში ჯაზფესტივალების ხუთეულში შედის და იქ ქართული ჯგუფი პირველად წარდგა…
ახლახან, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, „ირიაო“ ლატვიასა და ლიტვაში კონცერტებით ჩავიდა. რიგაში ისინი კულტურულ ცენტრში წარდგნენ 500-მდე მსმენელის წინაშე, ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის კულტურული წრეების, დიპლომატიური კორპუსის, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ლატვიაში მყოფი ქართველი სტუდენტები. გარდა ამისა, „ირიაოს“ კონცერტი ასევე გაიმართა ვილნიუსშიც. ანსამბლის კონცერტების ჩატარება შესაძლებელი გახდა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დახმარებით.
„ირიაო“ საქართველოშიც აპირებს კონცერტების გამართვას. მალე ქუთაისელ მსმენელს ექნება მათთან შეხვედრის საშუალება.