„ხშირად ვამბობ, რომ მეც ჩვეულებრივი „ქოცი“ ვიყავი. „ნაციონალების“ რეჟიმს ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლაც იგივე რომ ხდება? – იგივე „ხარება“ სცემს და წიხლებით უერთიანებს თავ-პირს ჩვენს ახალგაზრდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ ხალხს „ქოცი“ ერქმევა თუ „ნაცი?!“, – ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში, სადაც მის შემოქმედებით გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ამჟამად გაჩერებული ვარ – ჩემი სტუდიაც დავხურე და ყველაფერი გავაჩერე. არ მესმის, კონცერტი როგორ უნდა გავმართო, როცა ჩემს ქვეყანაში ასეთი დაძაბული პროცესები ვითარდება. როცა ჩვენს საუკეთესო ახალგაზრდებს სცემენ და ციხეში უშვებენ, არ ვიცი, ამ დროს როგორ უნდა ვიმღერო და ვიცეკვო ან მუსიკა როგორ დავწერო?! ასეთს რას მოითხოვს ის ხალხი, რომელთაც ე.წ. პოლიციელები სცემენ და ციხეში სვამენ? – ევროპულ მომავალს, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. რა საჭიროა ამ ხალხის დაჭერა? ვინც დააშავა, კი ბატონო, დაიჭირონ, მაგრამ რამდენი ადამიანი ჩასვეს სრულიად უმიზეზოდ?! ვინც ხელში მოხვდათ, ყველა გალახეს და დააპატიმრეს!
„ოცნების“ ბანერებზეც ხომ ეწერა – „ღირსებით ევროპისკენო?“ – ჰოდა, ამის გამო ხალხს რატომ ასისხლიანებენ და თავ-პირს რატომ უჩეჩქვავენ?! სიმწრით მეცინება, როდესაც „განაცებულ ქოცს“ უწოდებენ ყველას, ვინც ცოტა აზრზე მოვიდა. „გაქოცებული ნაცების“ ლეგიონი ჰყავთ თავიანთ რიგებში და ახლა ვითომ „ნაცებს“ ამთავრებენ. არც ერთ მათგანს, მონანიების სიტყვები და ბოდიშის მსგავსი რამ ქართველი ერისთვის არ უთქვამს – ეს ცალკე სატკივარია…
ხშირად ვამბობ, რომ მეც ჩვეულებრივი „ქოცი“ ვიყავი. „ნაციონალების“ რეჟიმს ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლაც იგივე რომ ხდება? – იგივე „ხარება“ სცემს და წიხლებით უერთიანებს თავ-პირს ჩვენს ახალგაზრდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ ხალხს „ქოცი“ ერქმევა თუ „ნაცი“?! ან, რას ნიშნავს, როცა გვიმტკიცებენ, ომში გვითრევენო? ევროკავშირის რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა გვირჩია, მეორე ფრონტი გახსენითო? გვიმეორებენ, რომ სამართალი ყველასთვის ერთია მაშინ, როცა ერთი პოლიციელიც არ არის დაჭერილი და დაკითხული! ამ დროს კი მზია ამაღლობელი სამაგალითოდ დასაჯეს.
ვინ მისცა უფლება რამდენიმე ათეულ თუ ასეულ ადამიანს, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს და ევროკავშირზე უარი თქვას? ეს ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, რომ ომისგან დაგვიცვას, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირში შევასწროთ, ყველა ხიდი დავწვით. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი, რომ „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეცვალა. ადრე სულ ვამბობდი, ჩემი არჩეული და ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება რაღაც შეცდომას თუ დაუშვებს, მალევე გამოასწორებს-მეთქი და „ოცნებას“ თვალდახუჭული ვენდობოდი. ვინ იცის, ამის გამო, რამდენი კამათი გადამიტანია, მაგრამ როდესაც ამ ძალამ ყველა ძირეულ პოსტულატს უღალატა, ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.
როგორც მეხი, ისე ჩამოვარდა „რუსული კანონი“, რასაც მოჰყვა დაუსრულებელი პროპაგანდა ევროპის და დასავლეთის წინააღმდეგ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, არის და იქნება. ეს ყველაფერი, ჩვენმა არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა დროულად შენიშნეს და სწორად შეაფასეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მომავალი ყოველთვის მართალია წარსულთან“
იხილეთ ინტერვიუ – ვრცლად