“პირველად კაცობრიობის ისტორიაში” – 2021 წლის განმავლობაში, პირველად ისტორიაში ბევრი რამ მოხდა.
წლის მიწურულს, ჩვენც სწორედ ამ ფრაზით დავიწყებთ გამორჩეული მოვლენებისა და აღმოჩენების შეჯამებას მეცნიერებიდან და მედიცინიდან.
გასული 12 თვის განმავლობაში ბევრი და თან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომელმაც შეცვალა, ან სამომავლოდ შეცვლის კაცობრიობის ცხოვრებას, ცხოვრების ხარისხს, წარმოდგენებს სამყაროზე, წარსულზე ან მომავალზე.
ახალი ეპოქა კოსმოსის კვლევაში – ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი
გაგიკვირდებათ თუ არა, თუ გეტყვიან, რომ მალე შესაძლოა მიიღოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, რომელიც მთელი ცხოვრებაა გაინტერესებთ, თუმცა მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, მაინც უპასუხოდ გრჩებათ?
შორს წასვლა არა, დროის სულ რაღაც 13 მილიარდი წლით “გადახვევა” დაგჭირდებათ და მალე შესაძლოა გაიგოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები – ის, რაც ფანტასტიკის სფერო გვეგონა, შესაძლოა მალე რეალობად იქცეს – პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ობსერვატორია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც გაშვებული.
14-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტელესკოპი მისიის შესასრულებლად რამდენიმე დღის წინ, 25 დეკემბერს გაეშვა.
მასზე მუშაობა 2004 წელს დაიწყო, 2007 წლიდან კი კოსმოსში გაშვება იგეგმებოდა.
მოვლენას უკვე უწოდეს ახალი, უმნიშვნელოვანესი ეპოქის დასაწყისი. ტელესკოპის მიზანი დიდი აფეთქების შემდგომ, კოსმოსური ისტორიის ფაზების კვლევა, შორეულ წარსულზე ინფორმაციის მოპოვება და იმის დანახვაა, როგორ წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი.
რა განასხვავებს ტელესკოპს მისი წინამორბედებისგან? ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ღირსების შესაფასებლად გეტყვით, რომ ის 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე ჰაბლი.
ტელესკოპი ორბიტაზე დედამიწიდან, დაახლოებით, 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით განთავსდება და ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც პლანეტის ირგვლივ ტრიალებს, მზის გარშემო იბრუნებს.
ვების ტელესკოპის მთავარი ნაწილი ცენტრალური მოოქროვილი სარკეა, რომელიც 18 პატარა, ექვსკუთხა სარკისგან შედგება. სწორედ სარკის სტრუქტურას ეკისრება მთავარი მისია – სამყაროს შორეული მისადგომებიდან მოღწეული ინფრაწითელი სინათლე აირეკლოს.
წითელი პლანეტის წითელი ფოტოები – მოგზაურობა მარსზე “პერსევერანსთან” ერთად
მართალია, ნასას “პერსევერანსმა” 500 მილიონ კილომეტრიანი მოგზაურობა 2020 წელს დაიწყო, თუმცა მან დანიშნულების ადგილს 2021 წელს მიაღწია, შესაბამისად, “მოხეტიალეს” თავგადასავალი წითელ პლანეტაზეც სწორედ ამ წელს ეკუთვნის.
წლების განმავლობაში, ფილმების კადრებით შექმნილი წარმოდგენები წითელ პლანეტაზე, ახლა რეალურმა კადრებმა გაამდიდრა, რომელსაც სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად, მარსმავალი ნასას უგზავნის.
ვიზუალთან ერთად კი მარსის ხმის გაგონებაც გახდა შესაძლებელი.
მარსმავალის მისიაც ისტორიულია – პლანეტაზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების მოძებნა.
“მოხეტიალე” სხვადასხვა ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, მას აქვს ასევე ბურღი, რომლითაც ის ქანების ნიმუშებს იღებს. მავალი ნიმუშების ნაწილს ანალიზებს ჩაუტარებს, ნაწილს კი შეინახავს, რომელსაც მოგვიანებით ჩვენს პლანეტაზე ჩამოიტანენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საკვლევი ნიმუშებისთვის ანალიზების ჩატარება დედამიწის ლაბორატორიებში უფრო ეფექტიანი იქნება.
მარსს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკავშირდება – “ევროპის კოსმოსური სააგენტოს” ინფორმაციით, პლანეტაზე მდებარე უზარმაზარ კანიონში დიდი რაოდენობით წყალბადი აღმოაჩინეს.
მეცნიერების განცხადებით, მარსის მარინიერის ხეობა 4 000 კილომეტრის კანიონებს აერთიანებს. მკვლევრების თქმით, წყალი აღმოჩენილია როგორც მინერალებში, ასევე მიწისქვეშა ყინულის სახით.
“იმის ცოდნა, თუ სად და როგორ არსებობს დღევანდელ მარსზე წყალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა მოხდა შორეულ წარსულში წითელ პლანეტაზე, რომელიც წყლით ძალიან მდიდარი იყო.” – განაცხადა “ევროპის კოსმოსური სააგენტოს” ფიზიკოსმა, კოლინ უილსონმა.
ის, რომ პლანეტაზე წყალია, ამ დრომდეც ცნობილი იყო და მისი დანახვა პლანეტის პოლუსებთან არის შესაძლებელი, თუმცა კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მარინერის ხეობის ცენტრალურ ნაწილში შესაძლოა იმაზე მეტი წყალი იყოს, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
რა ხდება ადამიანის სხეულს მიღმა – მეცნიერებმა ჰოლოგრაფიული კამერა შექმნეს
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლის შესახებ მეცნიერებმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს. რაც უნდა არარეალურად ჟღერდეს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს მძლავრი კამერა, რომელსაც შეუძლია დაინახოს უხილავი.
კამერას მყარი და არამყარი ობიექტების, მათ შორის ადამიანის სხეულს მიღმა ხედვა შეუძლია. ტექნოლოგია აღჭურვილია სინათლის აღქმის სპეციალური სისტემით, ე.წ. “სინთეზური ტალღის სიგრძის ჰოლოგრაფით”.
მეცნიერების თქმით, ლაზერის შუქი ობიექტის დაფარულ ნაწილებზე იშლება, მოგვიანებით კამერას უბრუნდება, ამის შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტი მიღებულ ინფორმაციას გარდაქმნის და დამალული ობიექტის ვიზუალს აღადგენს.
როგორც ტექნოლოგიის შემქმნელები აღნიშნავენ, მართალია ამ ეტაპზე კამერა იხვეწება და საბოლოო ვერსია ჯერ მზად არ არის, თუმცა მათი თქმით, მიღებული შედეგები უკვე დამაიმედებელია და ის უახლოეს მომავალში ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის.
ფიქრობენ, რომ ახალი ტექნოლოგია შესაძლოა გამოიყენონ როგორც რადიოტალღებზე, ასევე კოსმოსის შესასწავლად.
თქვენი გონების ბრძანებას ციფრული მოწყობილობა შეასრულებს – რა არის ტვინის მიკროიმპლანტი
2021 წელს, მეცნიერებმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი წარადგინეს – ნერვული მიკროიმპლანტები, რომლებიც ტვინში მოთავსების შემდეგ, ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, მოწყობილობები გონებით გააკონტროლოს.
ცდისპირები მღრღნელები იყვნენ. ექსპერიმენტი ნერვული სისტემის აქტივობას ზომავდა, მეცნიერები ამბობენ, რომ ცდის საწყის ეტაპზე მიღებული შედეგები ასევე პოზიტიურია.
გონებაში წარმოქმნილი სიგნალები იმპლანტების საშუალებით ბრძანებებად გარდაიქმნება და კომპიუტერს ეგზავნება, შედეგად კი ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახოს პრობლემა აქვთ, შეეძლებათ გონების საშუალებით ბეჭდონ, ან მართონ რობოტები.
მეცნიერები ტექნოლოგიის სუსტ მხარეებზეც საუბრობენ, ერთ-ერთი კი არის მისგან მომავალი საფრთხე ტვინისთვის, რადგან, ჩანერგილმა ელექტროდებმა, შესაძლოა, ტვინი დააზიანოს და ანთებითი პროცესებიც გამოიწვიოს.
ციფრული პროკურორი, რომელიც ბრალს წარადგენს – ხელოვნური ინტელექტი მართლმსაჯულებაში
2021 წლის მიწურულს, სხვა მრავალ მიღწევასთან ერთად, ჩინელმა მეცნიერებმა განსაკუთრებული ხელოვნური ინტელექტი წარადგინეს – ციფრული პროკურორი, რომელსაც შეუძლია, დამნაშავეს ბრალი წარუდგინოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული პროკურორი დანაშაულთან დაკავშირებულ მასალებს დეტალურად ეცნობა, საბოლოოდ კი მას შეუძლია, დამნაშავეს ბრალი 97%-იანი სიზუსტით წარუდგინოს.
კლასიფიცირებულია ის დანაშაულებიც, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტს ბრალის წაყენება შეუძლია, მათ შორის არის აზარტული თამაშები, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობები, თავდასხმა, ქურდობა, თაღლითობა და ავტომობილის მართვის დროს დაშვებული შეცდომები.
აღნიშნული ხელოვნური ინტელექტი მართლმსაჯულების სისტემაში ჯერჯერობით ფართოდ არ გამოიყენება, თუმცა ფიქრობენ, რომ მრავალ რუტინულ საქმეში, რეალურს სწორედ ციფრული პროკურორი ჩაანაცვლებს.
2021 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მედიცინაში მიღწეული მრავალი წარმატებით. მართალია, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საიმედო ელემენტს – ვაქცინას მეცნიერებმა 2020 წელს მიაგნეს, თუმცა წარმატებით 2021 წელს განახორციელეს, დახვეწეს და შემცვლელი კოვიდპრეპარატებიც შემოგვთავაზეს.
მიმდინარე წელს უკავშირდება მედიცინის სფეროში მომხდარი მრავალი ფაქტი, რომელსაც “ისტორიული წინსვლა” და “უდიდესი მიღწევა” უწოდეს.
პირველად მედიცინის ისტორიაში – ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ორგანოების გადანერგვის რიგში მყოფი უამრავი ადამიანისთვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთეს – ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს.
პროცედურა ჩატარდა პაციენტზე, რომლის ტვინიც უკვე მკვდარი იყო, სხეულს კი სიცოცხლეს ხელოვნურად უნარჩუნებდნენ.
მედიკოსების განცხადებით, თირკმლის მიერთებიდან 54 საათის განმავლობაში ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებდა.
ექიმების თქმით, ორგანო იმაზე კარგად მუშაობდა, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ.
ექსპერიმენტის მონაწილე, ჯონს-ჰოპკინსის მედიცინის სკოლის ტრანსპლანტაციის ქირურგიის პროფესორი დორი სეგევი ამბობს, რომ ეს მედიცინაში უდიდესი გარღვევაა და შესაძლოა ღორები ადამიანების დონორები გახდნენ, შედეგად კი ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.
თუმცა, ყველა თანხმდება, რომ მოსალოდნელია მრავალი სირთულე, მათ შორის მარეგულირებლის მხრიდან ნებართვა მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად.
“კანზე დასაწებებელი ვაქცინა”, რომელსაც ნემსზე უფრო ძლიერი იმუნური რეაქცია აქვს
მიკრონემსებიანი “დასაწებებელი ვაქცინის” შექმნაზე მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მიმდინარე წელს კი წინასწარი კვლევის შედეგებიც წარადგინეს.
ცდები ცხოველებზე ჩატარდა, ექსპერიმენტის შედეგები კი წარმატებულად შეფასდა.
რით განსხვავდება მიკრონემსებიანი ვაქცინა ჩვეულებრივი ნემსისგან? მეცნიერების განმარტებით, მას, ტრადიციული ნემსისგან განსხვავებით – უმტკივნეულოდ და ტრადიციულ ნემსზე უფრო ეფექტიანად შეუძლია წარმოქმნას იმუნური რეაქცია.
დასაწებებელი ვაქცინის უპირატესობაა ისიც, რომ მას პაციენტი დამოუკიდებლად, თავად გაიკეთებს. დასაკრავ ვაქცინაზე ნემსები, ვაქცინის სპეციფიკის მიხედვით, შესაბამისი ფორმითა და ზომითაა განლაგებული. თუმცა პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ ერთსა და იმავე დასაკრავზე სხვადასხვა ტიპის ვაქცინის მორგება, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს.
მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიკრონემსებით პრეპარატი კანის იმუნური უჯრედების ახლოს ხვდება, შედეგად კი იმუნური უჯრედებიც უფრო მეტად აქტიურდება და შესაბამის, ეფექტიან იმუნურ პასუხებსაც წარმოქმნის.
ისტორიული მოვლენა მედიცინაში – მალარიის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს
“ისტორიული წინსვლა” და “მიღწევა მეცნიერებისთვის” – ასე შეაფასეს რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გასცა.
მეცნიერების შეფასებით, RTS, S-ის გამოყენებაზე რეკომენდაცია მნიშვნელოვანი წინსვლაა აფრიკელი ბავშვების დასაცავად.
WHO-ში აცხადებენ, რომ ვაქცინა ფართოდ უნდა გამოიყენონ აფრიკაში მცხოვრებ ბავშვებზე, რაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
მეცნიერები თითქმის, ერთი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ, შეექმნათ მალარიასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება.
ვაქცინას უკვე ექვსი წელია აფრიკის სამ ქვეყანაში, განაში, მალავიასა და კენიასა საპილოტე პროგრამის ფარგლებში ცდიდნენ.
ცდებით დადასტურდა, რომ ვაქცინა ეფექტიანია და ახლა მისი გამოყენება უნდა გავრცელდეს სუბ-საჰარული აფრიკის სხვა რეგიონებშიც, სადაც საშუალო და მაღალია მალარიის გადაცემის რისკი.
“მალარიის ნანატრი ვაქცინა არის გარღვევა მეცნიერებისთვის, ბავშვთა ჯანმრთელობისთვის და მალარიის კონტროლისთვის. მას ყოველწლიურად შეუძლია გადაარჩინოს ათიათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე. ეს ისტორიული მომენტია.” – აღნიშნა რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
მალარია ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომელიც მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდა ძირითადად ახალშობილებისა და ჩვილებისთვის.
მედიკამენტი შემუშავებულია ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია “გლაქსოსმიტკლაინის” მიერ და მისი საბაზრო სახელწოდება “მოსქუირიქსია”.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, აფრიკაში მალარია კოვიდ-19-ზე ბევრად უფრო სასიკვდილოა.
ჯანმოს შეფასებით, 2019 წელს აფრიკის კონტინენტზე მალარიამ 386 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ როდესაც ახალი კოვიდინფექციით გარდაცვალების 212 000 შემთხვევა აღირიცხა.
90 %-ით შემცირებული კიბოს რისკი – პირველი რეალური მონაცემები და ისტორიული შედეგი
მართალია კვლევა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა პირველი რეალური კვლევის შედეგები 2021 წელს წარადგინეს – პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს.
დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით ეს არის მედიცინის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელიც ძალიან ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.
მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ვაქცინის დახმარებით შესაძლებელია ეს დაავადება თითქმის აღმოიფხვრას.
საშვილოსნოს ყელის კიბო, მსოფლიოში, ქალებში მეოთხე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
ვაქცინის გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაიწყეს, სწორედ ამ მიდგომით გეგმავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს ლიკვიდაციას.
პაპილომავირუსის ვაქცინას მხოლოდ ინფექციის თავიდან აცილება შეუძლია, თუმცა მას არ შეუძლია უკვე არსებული ვირუსისგან განკურნოს.
დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ასახულია, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინგლისში გოგონებისთვის ვაქცინა შემოიღეს. კვლევაში მონაწილე ეს პირები ახლა უკვე 20 წლის ასაკში არიან. კვლევამ აჩვენა როგორც სიმსივნური წარმონაქმნების შემცირება, ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს 87%-ით შემცირება.
საერთო ჯამში, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინამ თავიდან აიცილა დაახლოებით 450 სიმსივნური შემთხვევა და 17 200 სიმსივნური წარმონაქმნები.