„პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად, ყველა პოლიციელს ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში – არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა:
„ბატონო გიორგი, ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს. თქვენი ხელმძღვანელობის დროს მოხდა და გაგვეცით პასუხი“:
გიორგი გახარია: „ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ“
აღნიშნულით მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.
„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, მე ვითომ პოლიციელს რამე დავაბრალე – არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს „პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად, ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ ცდილობთ, რომ მე პოლიციელებს რამე დავაბრალო. მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავი და სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას – ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება, რა თქმა უნდა, მე გავეცი. ამას ხომ ვამბობდი და ყოველთვის ვიმეორებ.
დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ „პოლიციის კანონის“ შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდათ ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს – რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში,“ – განაცხადა გახარიამ.