LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი და ურთულესი ოპერაცია “კლინიკა რუსთავში” წარმატებით დასრულდა (ვიდეო)

1243
BeFunky-collage (75)

რამდენიმესაათიანი ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა “კლინიკა რუსთავში”. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც მარჯვენა ზედა კიდურზე მორი დაეცა და კიდურის ამპუტაციის საშიშროება იყო. ოპერაცია “კლინიკა რუსთავის” ანგიოქირურქიული მიმართულების ხელმძღვანელის, მინდია ბოცვაძის  ხელმძღვანელობით წარიმართა. სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცს მარჯვენა ზედა კიდური შეუნარჩუნეს.

ოპერაციის დროს, რომელიც კლინიკაში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სხეულთან კანის ნაფლეთით დაკავშირებული კიდურის რეპლანტაცია მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ  “ინფო რუსთავი” ავრცელებს, სადაც საუბარში ქირურგი აღნიშნავს, რომ პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერილია, თუმცა მიმდინარეობს მასზე ექიმის მეთვალყურეობა.

“ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში ურთულესი ტრავმით. მარჯვენა ზედა კიდურზე მას დაეცა მორი. იმის გამო, რომ ამ მოცულობის ოპერაციის გასაკეთებლად შესაბამისი პირობები აქვს კლინიკა რუსთავს, პაციენტი სწორედ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს. გაკეთდა სრულმოცულობიანი, აღდგენითი ოპერაცია, კიდურის რეპლანტაცია. ამ ოპერაციაზე მუშაობდა ანგიო, მიკრო-ქირურგების და ტრავმატოლოგების ორი ჯგუფი. ჩართული იყო რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის სამსახური სრული მობილიზაციით. მოხერხდა კიდურის რეპლანტაცია, სრულად აღდგა სისხლის მიმოქცევა კიდურში. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და ის რჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ”, – გააცხადა “ინფო რუსთავთან” საუბარში მინდია ბოცვაძემ.

სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია  მიკრო-ქირურგიაში და ტრავმატოლოგიაში ურთულეს და უიშვიათეს სამედიცინო შემთხვევად მიიჩნევა. “კლინიკა რუსთავში” მსგავსი ტიპის რეპლანტაცია პირველად ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები