ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, მორიგი აუდიომიმართვა გაავრცელა. მიმართვა ისლამისტებთან დაკავშირებულ პორტალ al-Furqan-ზე გავრცელდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების მიმართვებს ადრეც ავრცელებდა, – იუწყება Associated Press.
46-წუთიან მიმართვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, მთელ მსოფლიოში დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.
„ხალიფატის ჯარისკაცებო და ისლამის გმირებო, მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენი მტრებისკენ. გაააქტიურეთ თქვენი შეტევები და მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია–ცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბ–ბინაზე,“ – განაცხადა მან.
ალ-ბაღდადიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ივლისში ქალაქ მოსულის დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფება ბრძოლას განაგრძობს. ამავდროულად, მიმართვაში მისი ჩაწერის თარიღი არსად არის მითითებული.
ალ-ბაღდადის წინა მიმართვა გასული წლის ნოემბერში გავრცელდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, თუმცა აშშ-მა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.