“ისლამოფობიის ადგილი არც ერთ საზოგადოებაში არ არის. ეს სიძულვილი მზაკვრული და საზიზღარია და ის უნდა შეწყდეს,” – ამ ტექსტით კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს პროვინციაში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება – ქალაქ ლონდონში სატვირთო ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ ადამიანებს დაეჯახა. ოთხი ადამიანი დაიღუპა. პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაული რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოხდა.
პრემიერი ჯასტინ ტრუდო ფაქტს რამდენიმე ტვიტით გამოეხმაურა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”. ტრუდო აღნიშნავს, რომ ქვეყანა გააგრძელებს ისლამოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებს:
“მივმართავ ლონდონის მუსლიმთა საზოგადოებას, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ისლამოფობიის ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში. ეს სიძულვილი მზაკვრული და საზიზღარია და ის უნდა შეწყდეს.” – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი.
მომხდარის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი – 9 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა სატვირთოს მძღოლი დააკავეს, ის 20 წლის კაცია. პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაული რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოხდა, გარდაცვლილები მუსულმანები არიან. ასევე არ გამორიცხავენ ტერორიზმის ვერსიასაც.
To the Muslim community in London and to Muslims across the country, know that we stand with you. Islamophobia has no place in any of our communities. This hate is insidious and despicable – and it must stop.
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) June 7, 2021