ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება. როგორც ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებთან ერთად, მგზავრებისთვის ქუთაისი-ბენ-გურიონი და ქუთაისი-რამონის მიმართულებები შეიძლება დაემატოს.
„ისრაელის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან ერთად ვისაუბრეთ მგზავრთა მიმოსვლის და ტვირთბრუნვის მზარდ დინამიკაზე და საქართველოს აეროპორტების მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურაზე.
მომავალი წლისთვის, ფრენების კიდევ გაზრდის მიმართულებით მუშაობაზე შევთანხმდით. ამ შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტი დამატებითი კარგი საშუალებაა.
ასე, რომ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებთან ერთად, მგზავრებისთვის ქუთაისი-ბენ-გურიონი და ქუთაისი-რამონის მიმართულებები შეიძლება დაემატოს“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ჟვანია.
წყარო: avianews.ge