ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა, რადგან პირველადი კვლევებით, ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცული არიან.
„მომდევნო დღეებში ჩვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება „ომიკრონთან“ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ ოპტიმიზმისთვის სივრცე უკვე არსებობს, რადგან პირველადი დაკვირვებით, ორჯერ ვაქცინირებული პირები ვირუსის ახალი ვარიანტისგან დაცული არიან“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ყველა ადამიანი რისკისგან თავის დაცვის მიზნით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის ახალი ვერსია „ომიკრონი“ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა.